მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზაფხულიდან საწარმოს გაფართოებას ვგეგმავთ“ – „შოკოტელა“

643ea7cc98053
ნანუკა ნარიმანიძე
18.04.23 23:00
732
ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია „შოკოტელა“ წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„გადავწყვიტე, ბრენდი ასე განმევითარებინა. მსურს სავაჭრო ცენტრებში დავამატო კუნძულები და მიმდინარე წელს, მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი პროდუქცია ყველგან ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის, პირველი ადგილი, „გალერეა თბილისი“ ავარჩიე“, - ამბობს დამფუძნებელი.

გარდა ამისა, კომპანიის წლევანდელ გეგმებში გუნდის და საწარმოს გაფართოება, ასევე ახალი პროდუქტების შექმნა შედის.

„გეგმაშია ტკბილეულის გაფართოება, დაემატება რამდენიმე ახალი შოკოლადის პროდუქტი, ასევე შესაძლოა კონდიტერიის განხრითაც დავიწყოთ მუშაობა და მომხმარებელს განსხვავებული ტორტები შევთავაზოთ. რაც შეეხება საწარმოს, ის ზაფხულიდან გაფართოვდება, რაც უფრო მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციის საკუთარ ბრენდულ მაღაზიაში რეალიზაციის გარდა, „შოკოტელა“ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს და მათთვის სასაჩუქრე ნაკრებებს ქმნის.

„კერძო ბიზნესები დღესასწაულებზე ძალიან აქტიურობენ, განსაკუთრებით ახალ წელს, ყოველდღიურად კი საცალო გაყიდვები უფრო მეტია. იმის მიუხედავად, რომ ნედლეულის ფასი გაძვირდა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს პროდუქციის ფასზე ჯერ არ ასახულა“, - დასძინა მარიამ კაპანაძემ.

ცნობისთვის, „შოკოტელა“2021 წელს გამოჩნდა და ის მომხმარებელს ხელნაკეთ შოკოლადებს სთავაზობს, ბრენდი 10-მდე ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ფასებს, "შოკოტელას" ხელნაკეთი 9-ცალიანი ბონბონის შეფუთვის ფასი 44.95 თეთრია, 8-ცალიანი ბონბონისა და შოკოლადის ფილის, ასევე 16-ცალიანი ბონბონის შეფუთვების ფასები კი 64.95 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები