მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთრის დაბალი სეზონი რომ არ დაიკარგოს“ - რატომ იღებს პარლამენტი აზარტულ თამაშებზე კანონს დაჩქარებულად

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტში „აზარტული თამაშების“ კანონში ახალი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ტურნირების ჩატარების მსურველებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება დაჩქარებულად იმიტომ განიხილება, რომ ზამთრის დაბალი აქტივობის ტურისტული პერიოდი გააქტიურდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს და მეორე მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტის პაკეტი 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს განიხილება. ლატარიებისა და აზარტული თამაშების კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღესვე მიიღებენ. მმართველი პარტიის ინიციატივის ასეთ მოკლე ვადებში განხილვის მიზნობრიობით როგორც პირველი, ასევე მეორე მოსმენით განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. გუშინ კითხვები „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დასვეს, დღეს კი „ხალხის ძალის“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ეკა სეფაშვილმა შოთა ბერეკაშვილს ჰკითხეს - რატომ განიხილავენ ამ კანონპროექტს დაჩქარებით, როდესაც აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მისი ინიციირება და განხილვა სექტემბრიდანვე შეიძლებოდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ კანონმდებლები საკითხს ზამთრის დაბალი აქტივობის ტურისტული პერიოდის დაწყებამდე მიიღებენ.

„იმ პერიოდებში, როდესაც ტურისტული აქტივობა დაბალია, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქალაქებში ჩადიან და ის სასტუმროები, რომელიც შესაძლოა ნაკლებად შევსებულია, იქ ატარებენ ტურნირს. ეს ეკონომიკურ აქტივობას ზრდის და საერთო ჯამში, იმ სეზონურ პერიოდში (მაგალითად, საქართველოში შესაძლებელია განხორციელდეს თებერვალ-მარტ-აპრილში, როდესაც ტურისტული აქტივობა მაგალითად აჭარის რეგიონში დაბალია) აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს. ამ ტურნირის ჩატარებისთვის ვიღებთ აღნიშნულ კანონს, რომ მონიტორინგი განხორციელდეს და რეგულირებადი იყოს.

კანონპროექტის განხილვის დაჩქარების ნაწილში, ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნება თებერვალი, მარტი, აპრილში სეზონში რომ მსგავსი ტურნირი ჩატარდეს, რომ ის არააქტიური სეზონი არ დაიკარგოს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დეპუტატი განმარტავს, რომ საერთაშორისო ტურნირები შექმნილია იმისთვის, რომ ტურისტულ სექტორს დაუჭიროს მხარი.

„არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია (ევროპული, მსოფლიო ორგანიზაცია). მაგალითად, როდესაც ევროპაში ტარდება - ევროპული ორგანიზაცია. ის წინასწარ ადგენს მოთამაშეებს, ვინ მონაწილეობს ამ ტურნირში. ჩათვალეთ, ეს სპორტული ტურნირია: წინასწარ დგება სია, წინასწარ დგება მონაწილეები და წინასწარ ყოველივე ეს შეთანხმებულია შესაბამის ქალაქთან, მუნიციპალიტეტთან როგორც წესია. მაგალითად, ეს ტურნირი ახლახან პარიზში ჩატარდა, სადაც ზოგადად კაზინოები და სამორინეები აკრძალულია... ამ შემთხვევაში სასტუმროში გაიმართა. ძირითადად ეს ინდუსტრია შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ტურისტულ სექტორს“, - აღნიშნა მან.

„ხალხის ძალის“ დეპუტატები იმითაც დაინტერესდნენ - განისაზღვრება თუ არა კანონით საერთაშორისო ტურნირის ჩატარების თარიღი. შოთა ბერეკაშვილი ამის საპასუხოდ განმარტავს, რომ ჩატარების ადგილს თავად ორგანიზაცია ქალაქის მერიასთან ათანხმებს.

„ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით - სად და რა ტიპის არეალში ჩატარდება აღნიშნული ტურნირი. დარწმუნებული ვარ, რომ აქ საუბარია მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროებზე, სადაც აღნიშნული ტურნირი ტარდება. ეს არის ძალიან ძვირიანი სიამოვნება, როდესაც უცხოელები ჩამოდიან, რჩებიან აღნიშნულ სასტუმროებში და ძალიან დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება ვიზიტორების მხრიდან. მაღალშემოსავლიანი ვიზიტორი ჩამოდის და მათი ეკონომიკური აქტივობა დადებითად აისახება ასე ვთქვათ იმ პერიოდში ტურისტულ სექტორზე“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ კომპონენტის ჭრილში დასმული კითხვების საპასუხოდ განმარტავს, რომ აღნიშნული ტურნირები დამაზიანებლად არ აღიქმება, მმართველი პარტიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი არეგულირებს მათ შორის ასეთ ტურნირებში მონაწილეების წესებს.

„აღნიშნული საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დაშვებულია და მიმაჩნია, რომ სოციალური ფაქტორი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული ტურნირები არ აღიქმება როგორც დამაზიანებელი, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის. ეს არის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს შორის შეჯიბრი. ჩვენს შემთხვევაში პირიქით ვამკაცრებთ და ვაყენებთ ზედა ზღვარს, რომ მონაწილეთა მხოლოდ 30% იყოს საქართველოს მოქალაქე [კანონპროექტის მეორე მოსმენის ფარგლებში ეს ზღვარი 20%-მდე შემცირდა]. ის მოქალაქე, რომ მაგალითად 25 წლამდე ასაკისაა მონაწილეობაზე ისედაც შეზღუდულია, შავ სიაში მყოფ პირებსაც არ შეუძლიათ მონაწილეობა, ყველა ის შეზღუდვები რაც სათამაშო ბიზნესზე არის დაწესებული, ის ავტომატურად ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები