ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორ გადანაწილდება აღნიშნული თანხა და რა სიახლეები იგეგმება 2016-2017 წლების სეზონისთვის? -’’საქმიან დილასთან“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი საუბრობს.
- ბატონო სანდრო, რამდენად რეალისტურია პრემიერის განცხადება, რომ საქართველო ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად ემზადება?
- რა თქმა უნდა, ეს ამბიციური განცხადებაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ის, რომ ეს თანმიმდევრული განცხადებაა. როგორც დაანონსდა ეს არ მოხდება 2-3 წელიწადში, ეს ათეულ წელზეა გათლილი, რის შედეგადაც შესაძლებელია ჩვენმა განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცეს, რომ ჩვენ განაცხადის უფლება მივიღოთ.
- დღეს არსებობს რამდენიმე პროცენტი მაინც, რომელიც აღნიშნული განაცხადის გასაკეთებლად არის საჭირო?
- რასაკვირველია არსებობს და დაწყებულია, ვითარდება და ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ჩვენ იმ ინფრასტრუქტურას მივიღებთ, რომელიც საჭიროა ჩვენი განაცხადის გასაკეთებლად.
ყველაზე მნიშვნელოვანია სივრცითი დაგეგმარება და ასევე იმ სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხები, რომელიც ოლიმპიადისთვის არის საჭირო. მთავარი რასაკვირველია გზებია, რომლებიც საქართველოში დაახლოებით 1000 კილომეტრამდე უნდა გაიჭრას, რომ ჩვენ უკვე ის სურათი მივიღოთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე განაცხადის გაკეთება შეძლოს.
- სანამ ოლიმპიადას ჩავატარებდეთ, ამ ზამთრის დასვენებისთვის რა პერსპექტივა გვაქვს?
- ამ ზამთრისთვის კარგი პერსპექტივა გვაქვს. თეთნულზე, გოდერძიზე და გუდაურსა და ბაკურიანში უკვე მოთოვა. ვფიქრობთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში უკვე ზამთრის კურორტები გავხსნათ. ბევრი სიახლეა. საუბარი არაფერს მოიტანს, აუცილებლად უნდა ნახოთ თეთნული.
- რამდენად მოგვარებადია სასტუმრო ნომრების არასაკმარისი რაოდენობა?
- რამდენიმე სასტუმრო ემატება გუდაურს. აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძიზე 100 ნომრიანი სასტუმრო შენდება, ასევე ბაკურიანშიც სერიოზული მშენებლობებია. მესტიაშიც ძალიან ბევრი ’’გესთ ჰაუსი" შენდება. ყველა კურორტზე მრავალფეროვნებაა. ჰაილუქსის სასტუმროებიც არის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მალე გუდაურში ’’რადისონის“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და იქ უახლოეს მომავალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გვექნება. მთავარია, რომ კურორტებზე სამუშაოები მიმდინარეობს, საბაგიროების მშენებლობის დასკვნის ფაზაში ვართ, თითქმის დასრულებულია სათხილამურო ტრასების რეაბილიტაცია და დაახლოებით 10-17 დეკემბერს ჩვენ უმეტეს კურორტებს უკვე გავხსნით სეზონს. შესაძლოა თეთნულდი და გოდერძი 5 დეკემბერსაც კი გაიხსნას, ვნახოთ როგორი ნალექი გვექნება ამ კურორტებზე.
- რამე სიახლეს თუ უნდა ველოდოთ ამ სეზონის მიწურულს და მომავალი წლისათვის?
- 2017 წელს ჩვენ ახალი საბაგიროებისა და ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას დავიწყებთ მესტიასა და გუდაურში. ასევე უკვე მესტიის განვითარების გეგმა გვექნება. ასევე სიახლე იქნება ის, რომ ბაკურიანისა და მიტარბის სივრცის დაგეგმარება მოეწყობა. ჩემი აზრით, 2017 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კობი-გუდაურის საბაგიროს და სათხილამურო ტრასის მშენებლობა იქნება, რომელიც ყაზბეგს დააკავშირებს. ასევე თეთნულდი წელს ძალიან ბევრს გააოცებს და ის ზამთრის კურორტებიდან ერთ-ერთი ფავორიტი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ევროპაშიც.
- ზამთრის ტურისტული ზონები რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ამისათვის რაიმე დამატებით ღონისძიებებს ხომ არ გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, იგეგმება. ჩვენ უკვე ამ კვირაში Check in Georgia-ს ორგანიზატორებთან შეხვედრა გვაქვს. ასევე სხვა მიმართულებითაც მივდივართ, სურვილი გვაქვს, რომ რამდენიმე ბრენდული რესტორანი და ღამის კლუბი გაიხსნას ჩვენს ზამთრის კურორტებზე, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

























