მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზანგეზურის დერეფნის გახსნით ტვირთები დაგვაკლდება, თუმცა საქართველოს როლს პოზიტიურად ვხედავ - ნიკოლოზ ალავიძე

ნიკოლოზ ალავიძე

ზანგეზურის დერეფანი, როგორც შუა დერეფნის ალტერნატივა - ახალი სატრანსპორტო ქსელის ამოქმედებამ შესაძლოა რეგიონში სატრანსპორტო ხაზების გადალაგება გამოიწვიოს. ეს ფაქტი, დიდი ალბათობით საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ქსელში შეამცირებს.

ზანგეზურის დერეფანი არის დაახლოებით 40 კმ სიგრძის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ბაქოს და სტამბულს აკავშირებს.

უფრო ფართოდ კი ეს დერეფანი არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც შექმნილია ევროპის დასაკავშირებლად ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით.

შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ალტერნატიული გზა შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც ამჟამად საქართველოზე გადის. ზანგეზურის კორიდორის მართვასთან დაკავშირებით ინტერესები გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ზანგეზურის კორიდორის მართვასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციისგან შეთავაზების მიღება დაადასტურა. პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ 32-კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლებით არაერთი გლობალური მოთამაშეა დაინტერესებული.

Geocase ჯეოქეისი-ს მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით ქვეყანას ტვირთები დააკლდება, თუმცა საქართველოს როლს მაინც პოზიტიურად ხედავს.

ალავიძის შეფასებით, ზანგეზური შუა დერეფნის ალტერნატივაა, თუმცა მისი ამოქმედებით ის არ თვლის, რომ ტრანსკასპიური მარშრუტი აქტუალობას დაკარგავს.

"ზანგეზურის დერეფანში სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტების განვითარება საქართველოს დიდი ალბათობით დააკარგვინებს იმ ტვირთებს, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოს და შემდეგ თურქეთის გავლით მიეწოდება ევროპას. საქართველოს როლს მე მაინც პოზიტიურად ვხედავ იმ შემთხვევაში თუ ბოლომდე არ მოვინდომეთ, რომ ჩვენი თავი ჩვენ თვითონვე წავშალოთ მსოფლიოს რუკიდან. ხედავთ რისკებს, რომ ჩვენ გარკვეული ტვირთნაკადები დაგვაკლდება სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში და მინიმუმ ის ტვირთები დაგვაკლდება, რომელსაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა უზრუნველყოფს ჩვენი გავლით თურქეთის ან შავი ზღვით მიწოდებით საერთაშორისო ბაზრებზე. თუ არ მოხდა სწრაფი რეფორმირება რკინიგზის, გადაიარაღება, გაზრდა ამ სარკინიგზო ფლოტის, მაშინ განწირულები ვართ“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები