ტრამპის მარშრუტის დასრულების სავარაუდო ვადად 2030 წელი იკვეთება. ეს ის პერიოდია, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, პრიორიტეტულად, საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვისა და მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლებისათვის, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ზანგეზურის მარშრუტს და საქართველოს ეხება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ზანგეზურის მარშრუტის და შუა დერეფნის კონკურენციასთან დაკავშირებული მოსაზრებები. კითხვა შემდეგნაირად ისმის: ახლო მომავალში ეს ორი მარშრუტი ტვირთნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით ურთიერთშემავსებელნი იქნებიან თუ კონკურენტები? ხოლო იმისათვის, რომ ამ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს, აუცილებელია ზანგეზურის ერთიანი მარშრუტის მშენებლობის დასრულების და სრულად ამოქმედების სავარაუდო ვადების პროგნოზირება:
"ზანგეზურის მარშრუტის დასრულების ვადის განსაზღვრა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ წინმსწრებად დაგეგმოს საკუთარ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
სულ ახლახან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „ზანგეზურის დერეფნის სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს და პროექტის აზერბაიჯანული მონაკვეთის დასრულება 2027 წელს იგეგმება“.
აქვე აღნიშნა, რომ ნახიჩევანის რკინიგზა „კონცეპტუალურად აზერბაიჯანის რკინიგზის ნაწილად ითვლება და მისი რეკონსტრუქციისათვის აზერბაიჯანი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას აპირებს, მასში ის კომპანიები და ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც პროექტში ინვესტიციებით, მოგების მიღებითა და ამ მარშრუტზე გარანტირებული სატრანსპორტო ნაკადის უზრუნველყოფით იქნებიან დაინტერესებული“.
ფაქტობრივად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, იკვეთება, რომ ზანგეზურის მარშრუტში აზერბაიჯანის დაქვემდებარებული შემავალი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება, ნახიჩევანის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის რეკონსტრუქციის გარდა, 2027 წელს დასრულდება.
რადგანაც ზანგეზურის მარშრუტი სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის – ტერიტორიებზე გადის, მშენებლობის კუთხით სწორედ ამ სამი ქვეყნის ქმედებების სინქრონიზაციაზეა დამოკიდებული ზანგეზურის მარშრუტის დასრულების ვადა.
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება მის ტერიტორიაზე 2027 წელს დერეფნის გარკვეული სარკინიგზო მონაკვეთების დასრულებაზე, არის ნაწილობრივი და სრულად არ ითვალისწინებს ზანგეზურის მარშრუტის საბოლოოდ დასრულების ვადებს.
როდესაც ზანგეზურის ერთიანი მარშრუტის დასრულების ვადებზეა საუბარი, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რეგიონში სადღეისოდ მიმდინარეობს ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების და, უფრო მეტიც, დამკვიდრების პროცესი. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ის ტვირთნაკადი, რომელიც უახლოეს 2–3 წელიწადში მყარად დაიკავებს ამა თუ იმ დერეფანს, პერსპექტივაში ნებისმიერ ახალ დერეფანს, უკვე დამკვიდრებული ტვირთნაკადისთვის ახალი მიმართულებით გადართვა გაუჭირდება.
იმისათვის, რომ საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, პერსპექტივაში, ზანგეზურის მარშრუტთან კონკურენტული აღმოჩნდეს, პრიორიტეტულად აუცილებელია საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის სარკინიგზო დარგის, რომელიც მოძრავი შემადგენლობის სისტემურ განახლებას ეფუძნება, ერთ მილიარდ ლარზე ორიენტირებული მოკლევადიანი 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელება".
TCRC ასევე მიმოიხილავს ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთებს და მათი ამოქმედების ანალიზს:
"ზანგეზურის მარშრუტი 7 მონაკვეთად არის დაყოფილი, მათ შორის, 5 მონაკვეთი აზერბაიჯანის, თითო-თითო – სომხეთის და თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პირველი 60 კმ სიგრძის ალიათი-ოსმანლის სარკინიგზო მონაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ირანისკენ მიმავალი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის ნაწილს წარმოადგენს. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი ამ მონაკვეთის მოდერნიზაციით ორივე – როგორც ზანგეზურის, ასევე ჩრდილოეთ – სამხრეთის, ირანის ასტარის მიმართულებით დერეფნის პრობლემას აგვარებს.
პროექტი მხოლოდ ლიანდაგის შეკეთებას არ გულისხმობს – მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, ენერგომომარაგების, სიგნალიზაციისა და საკომუნიკაციო სისტემების მოდერნიზაცია. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ალიათი – ოსმანლის 60-კმ -იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 60% შესრულებულია. ამ მონაკვეთის დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მეორე 145 კმ სიგრძის ოსმანლი – ჰორადიზის მონაკვეთია. აქ ახალი რკინიგზის მშენებლობა არ მიმდინარეობს, ხდება არსებული ხაზის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია.
ოსმანლი–ჰორადიზის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დასრულების ვადად 2028 წელია ნავარაუდევი.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მესამე 110 კმ სიგრძის ჰორადიზი – აგბენდის მონაკვეთია. წინა ოსმანლი – ჰორადიზის მონაკვეთისგან განსხვავებით, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ჰორადიზი – აგბენდის მონაკვეთზე სრულად ახალი ხაზი იგება.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჰორადიზი – აგბენდის ახალ სარკინიგზო ხაზზე შესრულებულია სამუშაოთა 75% და მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა გასული.
ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობა „სწრაფად მიმდინარეობს“, ამასთან, აზერბაიჯანს პროექტის დაჩქარება შეუძლია, თუმცა ამას ჯერ არ აკეთებს, რადგან სომხეთის მონაკვეთი მზად არ არის. მშენებლობის დასრულების ოფიციალურ სამიზნე თარიღად 2028 წელია მიჩნეული.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომდევნო 194 კმ მონაკვეთს ნახიჩევანის არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია წარმოადგენს.
ნახიჩევანის სარკინიგზო მონაკვეთი ორ ნაწილად იყოფა: ორდუბადი – სალამლიკის 7 კმ მონაკვეთი, რომელიც სომხეთის საზღვრისკენაა მიმართული, და 187 კმ თურქეთის მიმართულებით, უშუალოდ ნახიჩევანის სარკინიგზო მონაკვეთი.
ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ორდუბადის მიმართულებით არსებულ პირველ 7-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სომხეთის საზღვრისკენაა მიმართული.
6-კმ-იან მონაკვეთზე მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 700-მეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის ახალი სექციები იგება.
რაც შეეხება ნახიჩევანის სარკინიგზო ქსელის რეკონსტრუქციას, ამ ეტაპზე საკმაოდ მკაფიო სურათი ჩანს: აზერბაიჯანი ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირის დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არ გეგმავს. მთავარი მიმართულება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, EBRD-ისა და ADB-ის, ჩართვაა.
EBRD-სთან უკვე მიმდინარეობს პროექტის feasibility study-ის მომზადება, რომლის დასრულება 2026 წლის სექტემბერშია მოსალოდნელი.
2026 წლის აპრილში Asian Development Bank-ის (ADB) აზერბაიჯანის ოფისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბანკი მზად არის ნახიჩევანის რკინიგზის პროექტების დასაფინანსებლად.
ნახიჩევანის რკინიგზისთვის ADB-ს მხრიდან ფინანსები ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ ბანკმა საჯაროდ დააფიქსირა მზადყოფნა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, პროექტი არა უბრალოდ ნახიჩევანის შიდა სარკინიგზო პროექტად, არამედ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ნაწილად წარმოაჩინოს. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ზრდის განვითარების ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას.
2026 წლის სექტემბერში, როცა EBRD-ისთვის მომზადებული feasibility study დასრულდება, ამის შემდეგ უკვე ნათელი გახდება ნახიჩევანის რკინიგზის საინვესტიციო ღირებულება, მათ შორის, რა თანაფარდობით შეიძლება დააფინანსოს EBRD/ADB-მ და რამდენით აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტმა.
ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის კონკრეტული ვადა არ დასახელებულა. წინასწარი გათვლებით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, 2029 წლისთვის დაასრულოს პროექტი. ამასთან, აზერბაიჯანი ნახიჩევანის პროექტს სინქრონულად სომხეთის ტერიტორიაზე 42 კმ მონაკვეთის მეღრის რკინიგზის მშენებლობის პროცესს უკავშირებს.
რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის მარშრუტის 224 კმ მონაკვეთის – ყარსი – იღდირი – არალიკი – დილუჯუს – მშენებლობის პროცესს, 2025 წელს დაწყებული მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტით გათვალისწინებულია ორლიანდაგიანი, ელექტრიფიცირებული და სიგნალიზაციით აღჭურვილი ახალი რკინიგზის მშენებლობა.
თურქეთის მარშრუტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დღესდღეობით ინტენსიურად მიმდინარეობს (იხ. 2026 წლის თებერვლის ფოტომასალა), პროექტი პრაქტიკულად ნულიდან ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 24 გვირაბის გაყვანა, 10 ხიდის, 144 მიწისქვეშა გადასასვლელის, 27 ესტაკადისა და 480 წყალმომცილებელი მილის მშენებლობა.
პროექტის დაფინანსებას 2.4 მილიარდი ევროს ოდენობით იაპონური MUFG (Mitsubishi UFJ Financial Group, Inc.) ბანკი უზრუნველყოფს.
დასრულება დაგეგმილია 2029 წლის ბოლოსთვის.
სირთულეს წარმოადგენს სომხეთის ტერიტორიაზე 42 კმ რკინიგზის პროექტის განხორციელება.
სომეხი სპეციალისტების ვარაუდით, რაც მათთან ინტერვიუებით იკვეთება, რკინიგზის გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ მარშრუტის გასწვრივ, რომელიც საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა. რელიეფის თავისებურებების გამო სხვა ვარიანტების განხორციელება უკიდურესად რთულია.
მდინარე არაქსის გასწვრივ გამავალი რკინიგზის მონაკვეთი კლდეებითა და რთული რელიეფით გამორჩეულ მთიან ადგილებში გადის, ამიტომ ალტერნატიული მარშრუტები პრაქტიკულად არ არსებობს.
საავტომობილო გზისგან განსხვავებით, რომლის მარშრუტიც შესაძლოა სხვა მიმართულებით დაიგეგმოს, მთიან რელიეფზე ახალი რკინიგზის ხაზის მშენებლობა მრავალი გვირაბის მოწყობასა და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ რკინიგზის აღდგენა არსებულ მიწის ვაკისზე უნდა განხორციელდეს.
სომხეთის მონაკვეთზე ძველი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნადაა გაცვეთილი, მათ შორის, სადგურების შენობები, ხიდები და გვირაბები თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
სავარაუდოდ, მშენებლობის დაწყების თარიღად თუ 2027 წელი იქნება მიჩნეული, მაშინ დასრულების ვადა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, 2030 წლისთვის გადაიწევს.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანალიზით, ტრამპის მარშრუტის დასრულების სავარაუდო ვადად 2030 წელი იკვეთება. ეს ის პერიოდია, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, პრიორიტეტულად, საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვისა და მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლებისათვის", - წერია მიმოხილვაში.




























