მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალების რეგულირების გლობალური ბრენდი McLarens-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა - Be Group-ის გეგმები

გიორგი ბარბაქაძე

ზარალების რეგულირების, სადაზღვევო მოთხოვნებისა და რისკების მართვის ამერიკული კომპანია McLarens-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა.

ჯორჯიის შტატში ბაზირებული, თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში Be Group-ი იქნება - "საქმიან დილაში" კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბარბაქაძემ პარტნიორობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიორგი ბარბაქაძის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორის მოძიების პროცესი 2019 წელს დაიწყო და მას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, რა დროსაც კომპანიამ მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება დააგროვა.

"ეს პროცესი არ ყოფილა მარტივი. 2019 წლიდან მოყოლებული, საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვეთ. ვინაიდან საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს ზარალების შეფასების მიმართულებით ლიცენზიის გამცემი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ერთადერთი გზა ჩვენი კომპეტენციის დასადასტურებლად საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაცია იყო. გვსურდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოში არსებობს კომპანია Be Group-ი, რომელსაც აქვს რესურსი, საერთაშორისო სტანდარტებით შეაფასოს ზარალი. პარტნიორის ძიებისას აქცენტი თავიდანვე მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანია McLarens-ზე გავაკეთეთ," - აცხადებს გიორგი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, კომუნიკაცია სწრაფად შედგა, თუმცა მას მოჰყვა მკაცრი მოთხოვნები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით: "პირველ რიგში, განვახორციელეთ ISO სერტიფიცირება, მოვახდინეთ შიდა სტანდარტების ოპტიმიზაცია და მათი დოკუმენტურად გაფორმება. დეტალურად შევისწავლეთ, რამდენად თანხვედრაში იყო ჩვენი ზარალების შეფასების პროცესები საერთაშორისო პრაქტიკასთან. საბოლოო შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა და წარმომადგენლობა საქართველოში შემოვიყვანეთ."

Be Group-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ McLarens-ისთვის საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი, სადაც მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდი აქამდე არ ოპერირებდა.

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო დაგვენახებინა, რომ ვართ პარტნიორები, რომლებსაც უნდა ენდონ, და მეორე - გვეჩვენებინა ბაზრის პოტენციალი. საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ამ მიმართულებით მინიმალურად არის ათვისებული და მას სჭირდება მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა, რათა მომხმარებლის მხრიდან სანდოობა გაიზარდოს. პარტნიორებს დავანახეთ პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში, რაც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა," - განმარტავს ის.

გიორგი ბარბაქაძის თქმით, როდესაც Be Group-მა საქმიანობა დაიწყო, ადგილობრივ ბაზარზე პროფილური ზარალების შემფასებელი (Loss Adjusting) კომპანიები არ არსებობდნენ, რის გამოც საწყის ეტაპზე სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება გახდა საჭირო. თუმცა, McLarens-ის შემოყვანა ბაზარზე სრულიად ახალი მასშტაბის ცოდნას დაამკვიდრებს. ამასთანავე, დამოუკიდებელი შემფასებლის არსებობა ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან სადაზღვევო სექტორის მიმართ ნდობის გაზრდას.

"სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი მასშტაბის გამოცდილება და ცოდნა, რომელთანაც ადგილობრივ ბაზარს მანამდე შეხება არ ჰქონია, უკვე ადგილზე ხდება ხელმისაწვდომი. ეს არის პრევენციული ინსტრუმენტი როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის

მომხმარებლისთვის უმთავრესია რწმენა იმისა, რომ ზარალის დადგომის შემთხვევაში ის ობიექტურად ანაზღაურდება. საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მიმართ ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება, თუმცა მომხმარებლებში ჯერ კიდევ არსებობს უნდობლობა, მაგალითად, ხელშეკრულების პირობების მიმართ. თუ იარსებებს ობიექტური და სანდო შემფასებელი, მომხმარებელი დაინახავს, რომ მცირე ყოველთვიური პრემია რეალურად იცავს მას ბევრად დიდი ფინანსური დანაკარგისგან. პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დაზარალებულმა გადახდილ პრემიაზე ასჯერ და ათასჯერ მეტი ანაზღაურება მიიღო", - ამბობს ბარბაქაძე.

თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რისკების შეფასების (Risk Survey) მიმართულებას, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული პროდუქტია როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ისე ბიზნესისთვის.

"სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი ეხმარება წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი რისკები - დააზღვიონ თუ არა ობიექტი, ან როგორ ასახონ ეს რისკები სადაზღვევო პრემიაში. მეორე მხრივ, კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან განვითარებაზე, ეძლევათ საერთაშორისო დონის კვალიფიციური რეპორტი, რათა წინასწარ აღმოფხვრან თავიანთი რისკები. McLarens-ის სახელით მომზადებულ რისკების შეფასებას საერთაშორისო ბაზარზე ბევრად დიდი წონა აქვს," - აცხადებს ბარბაქაძე.

Be Group-ის აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ ბაზრისა და ბიზნესკულტურის განვითარებასთან ერთად, აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნა საქართველოშიც ეტაპობრივად გაიზრდება:

"ქვეყნისა და ბიზნესის განვითარება ითხოვს ისეთი სერვისების დანერგვას, რომლებიც გლობალურად უკვე სტანდარტია. ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც იზრდებიან და მსხვილდებიან, აუცილებლად დაიწყებენ რისკების შეფასების პროდუქტის აქტიურ გამოყენებას საკუთარი საქმიანობის დასაცავად", - განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ "საქმიანი დილას" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები