ქართული ტექნოლოგიური კომპანია Retain, რომელიც ბაზარზე მომხმარებელთა პირდაპირი უკუკავშირის (QR კოდებისა და ბმულების) სისტემით გამოჩნდა, განვითარების ახალ ეტაპზეა. კომპანიამ ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტი შეიმუშავა - სატელეფონო ზარებისა ანალიტიკა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის 100%-იან კონტროლსა და შინაარსობრივ ანალიზს სთავაზობს. სერვისი უკვე გაშვებულია და აქტიურად ინერგება რამდენიმე ათეულ კომპანიაში.
რა პრობლემას ჭრის ახალი პროდუქტი ბიზნესისთვის - ამ საკითხზე BM.GE-სთან Retain-ის თანადამფუძნებელი, ლევან ჯაბუა საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, ახალი პროდუქტის შექმნა განაპირობა ფაქტმა, რომ მომხმარებლის გამოცდილება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტზე დატოვებული შეფასებით არ შემოიფარგლება:
"გავაანალიზეთ, რომ QR კოდებითა და შეფასების ბმულებით მიღებული ინფორმაცია მომხმარებელთან ურთიერთობის მხოლოდ ერთ ნაწილს ფარავდა. რეალურად, კომპანიებს აქვთ უამრავი სხვა არხი: ცხელი ხაზები, სოციალური მედიის კომენტარები და ჩატები - ვებსაიტის ვიჯეტებიდან დაწყებული, WhatsApp-ითა და Instagram-ით დასრულებული.
ჩვენი ამოცანა გახდა, Retain-ი ერთიან პლატფორმად გადაგვექცია, სადაც კომპანია თავის პირად კაბინეტში ხედავს ყველაფერს: ერთ განყოფილებაშია QR ფორმებიდან შემოსული შეფასებები, მეორეში კი - გაანალიზებული სატელეფონო ზარები. ეს არის სისტემა, რომელიც ხმოვან და ტექსტურ ინფორმაციას ერთიან, მართვად ანალიტიკად გარდაქმნის", - განმარტავს ლევან ჯაბუა.
როგორც ის აღნიშნავს, კომპანიების უმრავლესობა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავს თანამშრომელთა გადამზადებაში, თუმცა მომსახურების ხარისხის რეალური მონიტორინგი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციულ გამოწვევად რჩება.
"ქოლ-ცენტრებისა და მომსახურების სფეროში ორი ფუნდამენტური პრობლემაა. პირველი - ხარისხის კონტროლი: კომპანიებს აინტერესებთ, რამდენად მიჰყვებიან ოპერატორები სტანდარტს, თუმცა ადამიანური რესურსით ზარების მაქსიმუმ 1-2%-ის გადამოწმება თუ ხერხდება. 20 ოპერატორის მოსასმენად კიდევ 20 ადამიანია საჭირო, რაც ფინანსურად გაუმართლებელია. ამიტომ ზარებს შემთხვევითობის პრინციპით არჩევენ, რაც სრულ სურათს ვერ იძლევა.
მეორე და კიდევ უფრო კრიტიკული საკითხი შინაარსია: კომპანიებს ხშირად წარმოდგენა არ აქვთ, რატომ რეკავს ხალხი რეალურად. როდესაც თვეში 20 000 ზარი შემოდის, კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს, აქედან რამდენს აწუხებდა კონკრეტული ოპერაციული ხარვეზი. თუ იცი, რომ 3 000 მომხმარებელს ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა, ეს პირდაპირ ბიზნესგადაწყვეტილებაში უნდა ითარგმნოს და პროცესი შეიცვალოს", - აღნიშნავს Retain-ის თანადამფუძნებელი.
მისი განმარტებით, Retain-ის ტექნოლოგია აუდიოჩანაწერების გატექსტებას და მათ 100%-იან დამუშავებას ორ ძირითად ჭრილში ახდენს:
- სტანდარტებთან შესაბამისობა: სისტემა თითოეულ ზარს კონკრეტული ბიზნესის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს - სად შესრულდა მომსახურების სტანდარტი, სად დაირღვა და რა დეტალში გამოიკვეთა შეცდომა.
- შინაარსობრივი ანალიზი და კატეგორიზაცია: ხელოვნური ინტელექტი ზარებს თემატურ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად ყოფს. შედეგად, მენეჯმენტი ერთ სამართავ პანელზე ხედავს სისტემურ ხარვეზებს, პრობლემურ ზარებსა და მათი მოგვარების რეკომენდაციებს.
ხმოვანი მონაცემების დამუშავებისას ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ინფორმაციული უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვაა. ლევან ჯაბუას თქმით, სისტემა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითაა აგებული.
სტარტაპის ახალი პროდუქტი სატესტო რეჟიმს უკვე გასცდა და რეალურ ბიზნესგარემოში ოპერირებს: "ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბაზრისთვის არა უბრალოდ იდეა, არამედ უკვე გაშვებული, ვალიდირებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა. დღეს უკვე ათასობით ზარი გვაქვს დამუშავებული. სისტემა 20-მდე მსხვილ და საშუალო კომპანიაში უკვე რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებს, დაახლოებით ამავე რაოდენობის ორგანიზაციაში კი დანერგვის აქტიური პროცესი მიმდინარეობს".
როგორც Retain-ში აღნიშნავენ, პროდუქტი უნივერსალურია და, კომპანიის მასშტაბის მიხედვით, განსხვავებულ საოპერაციო ამოცანებს წყვეტს:
მსხვილი კომპანიებისთვის: სადაც ზარების რაოდენობა ათიათასობითაა, Retain-ი ხარისხის მართვის არსებული გუნდების გაძლიერების იარაღია. სისტემა ხელით შრომას სრულად ანაცვლებს და გუნდს აძლევს შესაძლებლობას, დრო არა ზარების ძებნასა და მოსმენაზე, არამედ მზა ანალიტიკაზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესებაზე დახარჯოს.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: კომპანიებს, რომლებსაც არ ჰყავთ ხარისხის კონტროლის სპეციალური განყოფილებები, Retain-ი სერვისის მონიტორინგის სისტემის ნულიდან აწყობასა და მომსახურების სტანდარტების გამართვაში ეხმარება.
























