ზარზმის აკადემიის ხელმძღვანელობით, საქართველოს მასშტაბით ტარდება მათემატიკის ოლიმპიადა ზარზმა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ამასთან, სურვილის შემთხვევაში მე-7 კლასელებიც დაიშვებიან ოლიმპიადაზე, თუმცა ამოცანების სტრუქტურა, როგორც მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი.
ოლიმპიადა მოიცავს ონლაინ და დასწრებულ ტურს. ფინალურ ეტაპზე გადავა 30 საუკეთესო მონაწილე (20 მათემატიკური სკოლებიდან და 10 - არამათემატიკური), ხოლო მათგან 6 (4 მათემატიკური სკოლებიდან და 2 - არამათემატიკური სკოლებიდან) გამორჩეული მოსწავლე გაემგზავრება პრაღაში, სადაც ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მათემატიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრებიან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ყველა ეტაპზე სრულიად უფასოა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს და აფინანსებს ზარზმის მონასტრის აღორძინების ფონდი და Global Talent Fund.
ოლიმპიადის დარეგისტრირების ბოლი თარიღი არის 29 ნოემბერი, რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: მათემატიკის ოლიმპიადა ზარზმა.
პირველი - ონლაინ ტური 1 დეკემბერს გაიმართება და მასში გათვალისწინებულია 20 ტესტური ამოცანა. მეორე - დასწრებული ტური კი 8 დეკემბერს რვა ქალაქში ჩატარდება (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, გორი, საჩხერე, ახალციხე). მეორე ტურში გადასული მოსწავლეების სია განისაზღვრება პირველი ტურის კონკურსის მიხედვით.
ხოლო მესამე ფინალური ტური 21-22 დეკემბერს ახალციხეში შედგება. ცნობისთვის, მესამე ტურში გადავა საუკეთესო 30 შედეგის მქონე მოსწავლე, 20 მათემატიკური და 10 არამათემატიკური სკოლებიდან.
ცნობისთვის, ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით შექმნილი ზარზმის აკადემია 2006 წლიდან მოსწავლეებში მათემატიკური განათლების პოპულარიზაციას უჭერს მხარს. დღესდღეობით ზარზმის აკადემიის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
ზარზმის აკადემიის ორგანიზებით, 2024 წელს საქართველოს მასშტაბით შეირჩა 6 მოსწავლე, რომლებიც JBMO-ს საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ. ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაბალი კლასის წარჩინებულმა მოსწავლეებმა FEMO-ს (ჟაუტიკოვის) საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა.


























