საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არსებულ მდგომარეობას bm.ge-სთან ფოთის თიზის ყოფილი დირექტორი, ამჟამად კი იურიდიული კომიტეტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აფასებს. ზაზა მიქაძის განცხადებით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებული კანონი უკვე დიდი ხანია შესაცვლელია, რაც აფერხებს თიზების ეფექტიან ფუნქციონირებას. როგორც მიქაძე განმარტავს, თიზების მიმართულებით მსოფლიოში ძალიან მაღალი კონკურენციაა და იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად შევიდეს ამ კონკურენციაში, უნდა შეიქმნას რაიმე უკეთესი თიზების კუთხით.
„აქ ბევრი ასპექტი მოქმედებს. კონკურენციის გაწევისთვის ყველაზე ეფექტიან გადაწყვეტილებად თავიდანვე ამ სფეროს სპეციალისტებს თიზის საწარმოების ნებისმიერი გადასახადისგან გათავისუფლება წარმოგვედგინა. ამის შესანიშნავი მაგალითია დუბაის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ისევე როგორც ჩინეთის თიზი. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს თიზებში გადასახადების რამდენიმე ჩამონათვალი ვრცელდება, ცხადია ინვესტორს ურჩევნია არჩევანი გააკეთოს ისეთ თიზზე, სადაც „საგადასახადო ოაზისია“.
ზაზა მიქაძე თიზის საწარმოებისთვის სხვა პრეფერენციების მინიჭებაზეც საუბრობს, და როგორც ამბობს, კარგი იქნებოდა ასეთ კომპანიებს ენერგომატარებლებზე სახელმწიფომ სპეციალური ტარიფები დაუწესოს. ფოთის თიზის ყოფილი დირექტორის აზრით საქართველოს თიზებს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვთ, რისი რეალიზებაც სხვა პრობლემების გამო ვერ ხდება. ასეთი უპირატესობაა თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთთან.