მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზებგერითმა X-59-მა “ჩუმი” საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა

ზებგერითი ხომალდი

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ და სამხედრო და საავიაციო ინდუსტრიის გიგანტმა, Lockheed Martin-მა ახალი ჰიპერბგერითი თვითმფრინავი X-59-ის საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. საუბარია ხომალდზე, რომელიც, წინამორბედებისგან განსხვავებით, ზებგერითი სიჩქარით ფრენისას დარტყმითი ტალღისაგან ტრადიციულად გამაყრუებელ ხმაურს არ წარმოქმნის. X-59-ის პროტოტიპის გამოცდა კალიფორნიის უდაბნოში უკვე შედგა და მან წარმატებით ჩაიარა.

პალმდეილის საავიაციო ბაზიდან აფრენილი ხომალდი ამერიკის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ედვარდის აეროდრომზე დაეშვა და გზაში 370 კმ/სთ განავითარა. ფრენის პიკში მან 3,660 მეტრსაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ X-59-ის პროტოტიპი საბოლოო ვერსია არ არის და ამჯერად მიზანი სწორედ იმის დადგენა იყო, რამდენად ახერხებს ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა ე.წ. სონიკური ბუმის ხმის ჩახშობას.

უახლოეს მომავალში, NASA და Lockheed Martin-ი X-59-ის საბოლოო ვერსიას წარუდგენენ საზოგადოებას. მისი სიჩქარე 1.4 მახი, ანუ 1,488 კმ/სთ იქნება, ფრენის სიმაღლე კი თითქმის 17 კილომეტრი. უფრო კონკრეტულად, 17,800 მეტრი. აღნიშნული მიმართულების განვითარებაში NASA-ს $518 მილიონი აქვს ჩადებული და იმედოვნებს, რომ წარმატების შემთხვევაში სატრანსპორტო გადაადგილების ინდუსტრიას სრულად შეცვლის. ცნობისთვის, ამ სექტორის მიმართ ინტერესი 2003 წელს, მას შემდეგ შეწყდა, რაც კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილ ზებგერით თვითმფრინავ Concorde-ს ხმასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო ფრენების გაგრძელების უფლება შეეზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები