მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზედაზენის” მფლობელი იცვლება

ზედაზენი

ქართული ლუდის და არაალკოჰოლური სასმელების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის, "ზედაზენის", ანუ “ქართული ლუდის კომპანიის” მფლობელი იცვლება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, “ზედაზენის” მფლობელი გახდება შპს “დეილი”, რომელიც ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია და რომელმაც 2024 წლის ზაფხულში კონკურენციის სააგენტოსგან “ფუდმარტის”, ანუ “სპარის” და “იოლის” ქსელებთან კონცენტრაციაზე მიიღო თანხმობა.

BMG შეეცდება გარიგების დეტალების შესახებ მხარეებისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს.

თავად “ზედაზენის” აქტივების მოცულობა კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 152 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 113.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 1.8 მილიონი ლარი იყო. ზედაზენი 2011 წელს, ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა დააფუძნა.

რაც შეეხება კომპანია “დეილის” ის 2013 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის სტრატეგიას საქართველოს რეგიონებში სუპერმარკეტების ქსელების განვითარება წარმოადგენს. კომპანია ასევე ფლობს “გვირილას” სუპერმარკეტების ქსელს. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 129 მილიონ ლარს შეადგენს, გაყიდვები კი 327 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას გასულ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დეილის" 51%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით კუხალაშვილი, 37%-ის მფლობელი კი ბიზნესმენი ზურაბ ზაქარიაძე.

კიდევ ერთი კომპანია, რომლის კონცენტრაციაზეც დღეს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა არის შპს “რითეილ ინვესთმენთსი”, რომელიც თავის მხრივ “მაგნიტის” სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია. 2024 წლის აგვისტოში კი კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას სპარტის და იოლის ქსელების მფლობელ ფუდმარტთან გაერთიანების თაობაზე. შესაბამისად ახალი ჰოლდინგი გააერთიანებს “დეილის”, “სპარის”, “მაგნიტის”, “იოლის”, “გვირილას” და “მაგნიტის” ქსელებს, რაც მას გაყიდვების მიხედვით, FMCG ბაზრის #1 მოთამაშედ აქცევს. აღნიშნული ჯგუფი ასევე “ზედაზენის” მფლობელიც იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები