მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედმეტად ვშიშობთ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით, ის კარგ შედეგს მოიტანს - ენერგეტიკოსი

6479d29a15d65
მარიამ ვარადაშვილი
02.06.23 22:34
459
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე იმედოვნებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა აღარ გადავადდება და ელექტროენერგიით ვაჭრობა პირველი ივლისიდან დაიწყება.

საქმე ის არის, რომ გადავადების მიზეზად ხელისუფლებამ რამდენიმე საკითხი დაასახელა, მათ შორის ბაზრის მონაწილეების მზაობა, მარეგულირებელი ჰესების გენერაცია და რეგიონში არსებული მდგომარეობა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზრის მონაწილეებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად დამატებითი დრო ექნებათ. ასევე „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადი" მზად უნდა იყვნენ საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.

“ზედმეტად ვშიშობთ ამ ბაზართან დაკავშირებით. სირთულე, რაც შეიძლება ახლდეს, არის თავად ჩვენი ელექტროენერგიის ბაზრის მცირე მოცულობა, 14 მილიარდი კვტ.სთ-ია ჩვენი წლიური მოხმარება. ეს ძალიან ცოტაა სრულყოფილი კონკურენციის შესაქმნელად. ამასთან, მეზობლებისგან მიღებული ელექტროენერგიის [ოთხივე ქვეყანას ვგულისხმობ] ფასწარმოქმნა როგორ ხდება, საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს, იმიტომ, რომ ამ ფასში საკმაოდ დიდია პოლიტიკური მდგენელი.

ბაზრის ამოქმდების პროცესში ასევეა გათვალისწინებული გარკვეული ჩამკეტი მექანიზმები იმპორტთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასი არ მოხვდეს და ამან თავის მხრივ, ქართულ გენერაციაზე გავლენა არ იქონიოს. ამიტომ, მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შემოტანას გარკვეული რეგულაციები დასჭირდება. კიდევ ერთი სირთულე არის ის, რომ საკმაოდ “ჭრელი” გენერაცია გვაქვს. მძლავრი თბოსადგურები, ასევე მძლავრი ენეგურჰესი და კიდევ რამდენიმე წყალსაცავიანი ჰესი. მათ შორის კონკურენციის შექმნა საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად,ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ვფიქრობ, ბირჟის გახსნით კარგი შედეგი უნდა მივიღოთ”, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები