მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა

Zeekr

ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ვიგებთ, გასულ თვეში კომპანიამ 25,049 ავტომობილი გაყიდა, რაც Zeekr-ის ისტორიაში საუკეთესო და შარშანდელზე 92%-ით გაუმჯობესებული შედეგი იყო.

თვიურ ჭრილში, წინა რეკორდი ავტომწარმოებელმა სექტემბერში დააფიქსირა, როცა 21,333 ავტომობილი გაყიდა. შედეგად, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, Zeekr-მა 168,000-მდე ავტომობილი გაყიდა. წლის ბოლომდე კომპანია 230,000 ავტომობილის რეალიზაციას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ თვეში Zeekr-მა ახალ-ახალი რეკორდები უნდა დაამყაროს.

თუკი Zeekr-ის გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, ჩინური ელექტრომობილების სექტორზე ანალოგიურის თქმა გაგვიჭირდება. Xpeng-მა წინა თვეში 23,917 ავტომობილი გაყიდა, რაც ასევე რეკორდული იყო, მაგრამ Li Auto-მ, რომელმაც 51,443 ელექტრომობილი გაყიდა, რეალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა. BYD-ის, Aito-ს და Nio-ს შედეგები, ამ დროისთვის, უცნობია. Xiaomi-მ კი, რომელიც სმარტფონების წარმოებით არის ცნობილი, ოქტომბერში 20,000 ელექტრომობილი გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინური Zeekr-ი, რომელიც Geely-ის ჰოლდინგში შედის, საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $6.2 მილიარდს აღემატება, მაგრამ IPO-ს შემდეგ, ეს მაჩვენებელი 11.2%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები