უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად გადამწყვეტ ზომებს არ იღებენ. ამის შესახებ მან CBN News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველო გუშინ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა იყო, დღეს კი ქვეყანა ხელში ოლიგარქებმა ჩაიგდეს, მთელი ძალაუფლება კი ბიზნესს ეკუთვნის, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან. ის მიიჩნევს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა "რუსეთს თავის დროზე არ მიუჩინეს ადგილი, სადაც ყოფნას იმსახურებს".
"ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს საქართველოს მკვდარი ნაწილებია. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, ცდილობს გაყინოს კონფლიქტი, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში. იგივეს აკეთებენ მოლდოვაში, იგივეს აკეთებენ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. მათ აქვთ ერთი და იგივე შაბლონი, ერთი და იგივე გეგმა, რომლესაც ყოველ ჯერზე იყენებენ.
დღეს საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან. საქართველოს მთავრობა თავადვე ოფიციალურად აცხადებს: „იცით რა, ევროკავშირი და დასავლური მიმართულება, მოდით, გადავდოთ რამდენიმე წლით.“ ისინი სრულად რუსული მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა საკმარისად ძლიერები არ იყვნენ. მათ რუსეთს არ მიუჩინეს ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო," - თქვა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე პროტესტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიცია ცდილობს, დაარბიოს ის ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებსაც "რუსეთისკენ შებრუნებას აიძულებენ".