უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა აქტიურად მუშაობენ და მე მადლობა გადავუხადე მთელი მათი ძალისხმევისთვის, მოლაპარაკებებში ასეთი ჩართულობისთვის, ომის დასრულების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ის აღნიშნავს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს საკითხები, რომლებსაც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ხუთშაბათს, ჟენევაში განიხილავენ.
"ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ, ჟენევაში იმუშავებენ ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე განვიხილეთ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადება, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ მოლაპარაკებებზე ლიდერების დონეზე. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად",- წერს უკრაინის პრეზიდენტი.




























