უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეკონომიკის საკითხებში მრჩევლად კანადის ყოფილი ვიცე პრემიერ მინისტრი, კრისტია ფრილენდი დანიშნა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი ფრილენდის საერთაშორისო გამოცდილებისა და კონტაქტების გამოყენებაა, რათა უკრაინაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამარტივდეს და ქვეყანამ მრავალფეროვან გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარება შეძლოს. გადაწყვეტილების შესახებ საჯარო განცხადება თავად პრეზიდენტმაც გააჟღერა. ზელენსკის თქმით, უკრაინას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება დასჭირდება, რაშიც ფრილენდი მას შესაბამის დახმარებას გაუწევს.
რაც შეეხება თავად ახალ ეკონომიკურ მრჩეველს, კრისტია ფრილენდი კანადის ვიცე პრემიერ მინისტრად 2019-2024 წლებში, ჯასტინ ტრუდოს კაბინეტში მუშაობდა და დეპუტატის პოზიციაზე ამ დრომდე რჩებოდა საკანონმდებლო ორგანოში. კანადური კანონმდებლობა მას უფლებას აძლევდა, ყოფილიყო უკრაინაში ოფიციალური ოტავას პოზიციების წარმომადგენელიც. აღსანიშნავია, რომ ფრილენდს უკრაინასთან ოჯახური კავშირებიც აქვს, შესაბამისად, მისთვის ქვეყანა უცხო არ არის. ზელენსკის შეფასებით, მოკავშირე ქვეყნის ყოფილი ვიცე პრემიერის მრჩევლად დანიშვნა პრაქტიკულთან ერთად სიმბოლურიცაა და ადასტურებს, თუ რამდენად ახლო კავშირი აქვთ ერთმანეთს ოფიციალურ ოტავასა და კიევს.




























