მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკის ლეგიტიმურობის დადასტურება და ახალი არჩევნები მშვიდობის უზრუნველყოფის შემდეგ - რადამ დადგენილება მიიღო

ზელენსკი

უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ მეორე მცდელობით, 268 ხმით დაუჭირა მხარი დადგენილებას უკრაინაში დემოკრატიის შესახებ რუსული აგრესიის ფონზე. დოკუმენტი ადასტურებს ზელენსკის ლეგიტიმურობას და არჩევნების შეუძლებლობას მშვიდობის დამყარებამდე.

დოკუმენტის თანახმად, პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი“.

მასში ნათქვამია, რომ „უკრაინის უმაღლესი რადა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით, რომელიც აღიარებულ იქნა მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ“.

უკრაინის უმაღლესი რადა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ დღეს უკრაინაში შეუძლებელია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით.

"უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით აცხადებს, რომ უკრაინა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც კი მის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით, გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებს და უზრუნველყოფს მის ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად",- ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და ზელენსკის რეიტინგი 4%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები