ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზემო ჩუღურეთში, იას ბაღში მდებარე სპორტულ მოედანზე, 13-14 წლის სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო. მასში რაიონის 13 სკოლის მოსწავლეები ღებულობენ მონაწილეობას.
აღნიშნული ღონისძიება, დღეს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა და მონაწილეებს მაისურები გადასცა.
„დავიწყეთ მინი ფეხბურთის ტურნირი ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლების 13-14 წლის მოსწავლეებს შორის. ერთ-ერთი საფეხბურთო ტურნირის დროს, 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრო შუმანმა მომაწოდა იდეა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც ჩატარებულიყო მსგავსი ღონისძიება და დავპირდი, რომ თხოვნას აუცილებლად ავუსრულებდი.
დღეს, ეს ბავშვიც ჩვენთან ერთად არის და იღებს ჩემპიონატში მონაწილეობას. ყველა გუნდს წარმატებას ვუსურვებ" - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სპორტული შეჯიბრი ხუთდღიანია და 24 სექტემბერს დაჯილდოვებით დასრულდება. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლისგან ჩამოყალიბდება ერთი ნაკრები, რომელიც 25 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის თანატოლი ბავშვებისგან შემდგარ გუნდს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.