ზესტაფონის შემოვლითი გზა მაისიდან ამოქმედდება, - ინფორმაცია გზების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. როგორც ზესტაფონში არსებული სწრაფი კვების ობიექტის „მორაგბე“ თანადამფუძნებელი, ბექა ფუტკარაძე BM.GE-სთან აცხადებს, ახალი შემოვლითი გზის ამოქმედება როგორც ბიზნესზე, ასევე დასაქმებულებსა და ფერმერებზე პირდაპირ აისახება.
მისი თქმით, კვების ობიექტის ძირითადი მომხმარებლები, გამვლელი სტუმრები არიან. შესაბამისად, თუ ობიექტს მომხმარებელი არ ეყოლება, თანამშრომლების შემცირება და შესაძლოა სულაც დაკეტვა მოუწიოთ.
„ძირითადად, გამვლელ მომხმარებლებზე ვმუშაობთ. შესაბამისად, თანამშრომლების შემცირება მოგვიწევს. ასევე, პროდუქტიც აღარ იქნება იმ რაოდენობით საჭირო, რისი საჭიროებაც ახლა დგას. შესაბამისად, ფერმერისგან იმდენ პროდუქტსაც ვეღარ შევიძენთ, რადგან მოთხოვნა აღარ იქნება.
აქედან გამომდინარე, ფაქტია, აღნიშნული სიახლე ყველაზე იმოქმედებს. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის, კადრებიც არ შეგვიმცირებია. ამ დრომდე, 30 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა მას შემდეგ, რაც შემოვლითი გზა ამოქმედდება, სავარაუდოდ, თანამშრომლების განახევრება და შეიძლება უფრო მეტადაც შემცირება მოგვიწიოს. თუმცა, კადრების შემცირება, მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ სულ არ დავიკეტეთ ეგეც საკითხავია,“-აცხადებს ფუტკარაძე.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისათვის, სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.