მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჟენევის დისკუსიებმა, შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა განაახლოს"- ჯიოევი

ჟენევა

"ჟენევის დისკუსიებმა, შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა განაახლოს", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, მურატ ჯიოევმა განაცხადა. მისი თქმით, ამის წინაპირობა არსებობს.

"თანათავმჯდომარეები იძლევიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის განხილვაზე დაბრუნების საკითხი მოახლოებულ რაუნდზე. ანუ იმ სამუშაოზე, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე აქტიურად მიმდინარეობდა და საკითხი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო. ეს გამამხნევებელი ნიშანია, განსაკუთრებით, არსებული საერთაშორისო სიტუაციის ფონზე, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ჯიოევმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის გამართვა 2025 წლის 4-5 მარტს არის დაგეგმილი.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში ქართველები, აფხაზები, ოსები და რუსები მონაწილეობენ, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთისგანაც. მოსკოვს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად აფხაზეთთან და ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკასთან გააფორმოს. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის ამ დრომდე მიუღებელი იყო.

უცნობია, საოკუპაციო რეჟიმს რა აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებებზე ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა განაახლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები