ქართული ნატურალური პროდუქტების - მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ჟოლის“ დამფუძნებელი, გურამ სუხაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს კომპანია საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.
კომპანია 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე ექსპორტს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებდა, ხოლო დეკემბრის ბოლოდან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, „წისქვილი ჯგუფში“ შევიდა. წელს კი, „ჯოლის“ პროდუქცია სპარსეთის ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენი წარმოება მხოლოდ ამერიკაში რეალიზდებოდა. შარშან, დეკემბრის ბოლოს კი საქართველოში, „წისქვილი ჯგუფში“ შევედით. ამ დროისათვის მოთხოვნა გაოთხმაგებულია და იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი რაოდენობის პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ, ქსელურ მარკეტებთან მათი სურვილისდა მიუხედავად, ვერ ვთანამშრომლობთ. ჩვენი წარმოების გარკვეული რაოდენობა „წისქვილი ჯგუფისთვის“ გვაქვს, ხოლო ნაწილი ამერიკაში უნდა გავუშვათ ექსპორტზე.
წელს, გაფართოებას ვგეგმავთ. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გვაქვს შეკვეთები და მათთვისაც უნდა ვაწარმოოთ პროდუქცია. ანუ ექსპორტი ჯამში ორ ქვეყანაში გვექნება. პირველ ეტაპზე, გალფის ქვეყნებში 1 ტრაილერი, ანუ 15 000 ბოთლი კომპოტი გავა, ჯამში კი ორი წლის ჭრილში 10 ტრაილერის გატანა იგეგმება, რაც ჯამში 150 000 ბოთლს გულისხმობს “,- აცხადებს სუხაშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოსა" და USAID-ის გრანტები მოიპოვა, რისი საშუალებითაც სოფელ იგოეთში მდებარე საწარმოს შენობა-ნაგებობა გააფართოვეს, საწარმო გადაიარაღეს და სიმძლავრეები გაზარდეს. აღნიშნულ პროექტში, ჯამში 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
გულიაშვილი ასევე სექტორულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოში კადრების დეფიციტია. ამ ეტაპზე, კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალი სეზონისთვის დასაქმებულთა 15-მდე ზრდა იგეგმება.
„კვალიფიციურ კადრზე საუბარი არ არის, მთავარია ადამიანს სურვილი ჰქონდეს და სპეციალობას ჩვენვე შევასწავლით “,- აცხადებს დამფუძნებელი.