ქართული ნატურალური პროდუქტების - მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების წარმოება “ჟოლი“ 2 კვირაში საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში „ჟოლის“ დამფუძნებელმა, გურამ სუხაშვილმა განაცხადა.
"მოთხოვნა „ჟოლის“ პროდუქციაზე საქართველოშიც ძალიან დიდია. პირველ ეტაპზე ამერიკაში გასაგზავნი 80 000-მდე ერთეულის წარმოება შევძელით. ეს რაოდენობა შეიცვლება, რადგან მომხმარებლის ყოველდღიური თხოვნიდან გამომდინარე, „ჟოლის“ პროდუქციის განთავსება ქართულ ბაზარზეც მოხდეს.
საექსპორტო პროდუქციის კლების ხარჯზე პროდუქციის ნაწილის შეტანას წელს საქართველოს ბაზარზეც ვგეგმავთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქსელურ მაღაზიასთან მიმდინარეობს და დაახლოებით 2 კვირაში ჩვენი პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა გურამ სუხაშვილმა.
„ჟოლის“ საწარმო დღიურად 1500-დან 2000 კგ-მდე პროდუქცია აწარმოებს. თუმცა კომპანიის დამფუძნებლი ამბობს, რომ წარმადობის 8000 კილომდე გაზრდას გეგმავენ, რასთან ერთადაც გაიზრდება ასორტიმენტიც. ამ ეტაპზე „ჟოლი“ 9 სახეობის პროდუქტს აწარმოებს.
ინფორმაციისთვის, „ჟოლის“ საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი. კომპანიის წარმოებული პროდუქციის ადგილობრივი საფასური 5-9 ლარს შორის მერყეობს, ხოლო საექსპორტო საფასური 4.5-6 დოლარს შორის.