„ეს იქნება ჟურნალისტების დევნის ახალი ინსტრუმენტი და მთლიანად მედიასივრცის გასუფთავების გზა“ - ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ე.წ. „მედიის კანონის“ მიღებას.
საქმე ის არის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მისივე თქმით, ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ. გარდა ამისა, „ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ „შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან“.
ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, რა ფორმას მიიღებს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ „რაც გაჟღერდა, ეს უკვე არის ძალიან შემაშფოთებელი“.
„ეს იმას ნიშნავს იმას, რომ კანონდება ცენზურა მედიის წინააღმდეგ. მედიის რეგულაციები და ეთიკის სტანდარტები ისედაც დადგენილია ქვეყანაში. ყველა მედიაორგანიზაციას აქვს საკუთარი ეთიკის სტანდარტები; ასევე ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის საკითხებს იხილავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ამ თემების ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ახლა სტანდარტები არ არსებობს, სრულიად უსაფუძვლოა.
მამუკა მდინარაძე რასაც ამბობს, ეს იქნება ჟურნალისტების დევნის ახალი ინსტრუმენტი და მთლიანად მედიასივრცის გასუფთავების გზა, რადგან მან ასევე ისაუბრა [მედიის] დაფინანსების საკითხებზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მედია - მაგალითად, ონლაინ მედიები ძირითადად დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საქმიანობენ; მათი კომერციული შემოსავლები მცირეა, რაც საკმარისი არ იქნება მათი ფუნქციონირებისთვის და ეს მედიასაშუალებები უნდა გაქრნენ. ეს არის ამ ინიციატივის მთავარი მიზანი და არა კეთილშობილური ზრახვა, რომ საზოგადოება დაიცვან არაეთიკური ჟურნალისტებისგან“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
ჯერჯერობით, უცნობია ვინ აღსრულების „მედიის კანონს“, რომელიც ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, „ცენზურის დაკანონებაა“.
„საკითხავია ვის ხელში იქნება [კანონის აღსრულება] და თუ საბოლოოდ სასამართლომდე მივა, სასამართლოც ვიცით, რა მდგომარეობაშია. სასამართლოში, ფაქტობრივად, გამორიცხულია დაამტკიცო შენი სიმართლე. მოსამართლეები, სადაც არსებობს სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ ინტერესი, არასდროს იღებენ ობიექტურ და სწორ გადაწყვეტილებას. ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები“, - აღნიშნა ნონ ქურდოვანიძემ.




























