"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სავარაუდოდ, "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" საბაბით დააკავეს.
BMG-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ცვლილების საფუძველზე აქციის ათობით მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დღეს, 3 ნოემბერს, ზურაბ მენთეშაშვილს "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" განმეორებით ქმედებაზე პატიმრობა შეუფარდეს. მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


























