ინფლაციისა და დევალვაციის დამარცხების მიზნით, ზიმბაბვეს ცენტრალურმა ბანკმა სრულიად ახალი ეროვნული ვალუტა შემოიღო, რომელიც ფიზიკური აქტივით, ოქროთია გამყარებული.
ახალი ვალუტის სახელწოდებაა ზიმ ოქრო (Zim Gold – ZiG) და ის არა სახელმწიფოს კრედიტით, არამედ ფიზიკური რეზერვებით იქნება გამყარებული, ნაცვლად აქამდე არსებული სისტემისა, რომელიც სახელმწიფოს მიმართ ნდობაზე იდგა.
ცენტრალური ბანკის განცხადებით, ახალი ვალუტა თავისუფალ მიმოცვლაში ერთ თვეში ჩაეშვება, თუმცა მისი კურსი მარეგულირებლის მხრიდან იქნება განსაზღვრული და ის ოქროს ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ახალი ვალუტა, რეალურად, ოქროს ფლობის სერტიფიკატი იქნება.
ახალი ვალუტის შემოღება აქამდე არსებული ვალუტის 99.9%-იანი გაუფასურებით გახდა აუცილებელი. მოგეხსენებათ, ზიმბაბვეური დოლარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა, რომლის შენახვა თავად ქვეყნის ცენტრალურ ბაკსაც კი არ სურს, რადგან ის ღირებულებას თითქმის საათობრივად კარგავს.
როგორც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, ოქროს სტანდარტის შემოღება ვალუტის გაუფასურების პრობლემას აღმოფხვრის, რადგან ყოველი კუპიურა გარკვეული მოცულობის ოქროთი იქნება დაზღვეული, ანუ მისი ღირებულება არა წარმოსახვით, არამედ რეალურ აქტივზე მიბმული იქნება, როგორც ეს 1971 წლამდე იყო, სანამ ბრეტონ-ვუდსის სისტემა არ დასრულებოდა და მსოფლიო საკრედიტო სტანდარტზე არ გადაერთვებოდა.