მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოდი“: თუ გაზაფხულამდე მდგომარეობა არ შეიცვალა, ჩინური და აზიური პროდუქცია გაძვირდება“

საზღვაო გადაზიდვები

სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიები გაზაფხულისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების გაზრდას პროგნოზირებენ. მიზეზი - ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირებაა.

საქმე ის არის, რომ სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას რამდენჯერმე აძვირებს.

„მიმდინარე მოვლენები პროდუქციის ფასებზე გავლენას თავისთავად მოახდენს და ეს გავლენა გარდაუვალი იქნება. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით ეს პროცესი დარეგულირდება. გაზაფხულამდე საკმარისი მარაგი ცხადია არ გვაქვს. თუ გაზაფხულამდე მდგომარეობა არ შეიცვლება, სარემონტო სეზონისთვის ეს ფასებზე გარდაუვალად მოახდენს გავლენას, ოღონდ იმ ნაწილზე, რაც ეხება ჩინეთიდან და აზიური ბაზრებიდან შემოტანილ პროდუქციას. სხვა ბაზრებიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები არ გაიზრდება“, - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას „ზოდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დავილიძემ.

იგივე მოლოდინი აქვთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშიც.“ „გორგიას“ ხელმძღვანელი თორნიკე გურული ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება 300-400%-ით გაძვირდა.

„ბოლო პერიოდში მკვეთრი იყო სხვაობა იმ პროდუქტებზე, რასაც ვყიდულობდით ჩინეთში და ინდოეთში. თუ ჩვენ კონტეინერი შემოგვქონდა 2000$-ის ფარგლებში, ბოლო პერიოდში ეს თანხა 7-იდან 8 ათასს დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მიმდინარე კვირაში 500$-ით გაიაფდა, რაც რამდენიმე ფაქტორით იხსნება. ჯერ არსებობს მარაგები, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, მომავალში მოხდება ფასების კორექტირება, რადგან გაზრდილი ხარჯები არ მოგვცემს საშუალებას ზუსტად იგივე ფასში შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქცია რაც ეს იყო 300-400%-ით უფრო იაფი ტრანსპორტირების შემთხვევაში.“ - განაცხადა გურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები