სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, 23 უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლის რაოდენობას.
ორგანიზაციამ ცესკო-სგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის ანალიზითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ უბანზე არჩევნებზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ერთიან საარჩევნო სიაში იყო რეგისტრირებული.
"მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით.
მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცის ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს.
მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული.
რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე პირდაპირ მიუთითებს.
გამოვლინდა, რომ 275-ე საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243-ე საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.
გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა, აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს. ჩვენ შევეცადეთ, დამატებით სპეციალური სიებიც გაგვეანალიზებინა და მაგალითად 6 საარჩევნო უბანზე იმ დაშვებითაც კი, რომ სპეც. სიაში არსებული ყველა ამომრჩეველი იყო კაცი მაინც 100%-ზე მაღალია მათი რაოდენობა ", - განაცხადა ნინო დოლიძემ.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნები ცესკო-სგან ელოდება ინფორმაციას სპეციალური სიების შესახებ.
არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.