მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგიერთი პროდუქტის 30%-ით გაძვირება მოგვიწია“ - „რძის ქალაქი“

63d39c761c4fe
თინათინ ნატმელაძე
27.01.23 23:25
852
გასულ წელს დედოფლისწყაროში ამოქმედებული ნედლი რძის პროდუქტების საწარმო „რძის ქალაქი“ გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელმა თამარ მოდებაძემ BM.GE-თან განაცხადა, რომ 2023 წელს ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება იგეგმება.

„საკმაოდ მალე მოვიპოვეთ პოპულარობა, ციფრული სამყარო ძალიან დაგვეხმარა ამაში. ამჟამად სამი ფილიალი გვაქვს თბილისში, გვინდოდა, რომ კიდევ ერთი დაგვემატებინა, მაგრამ გარკვეული გამოწვევების გამო ვერ მოვახერხეთ. 2023 წლის პირველი გეგმა ორი ახალი ფილიალის გახსნაცაა. მნიშვნელოვანია ასორტიმენტის გაფართოებაც. ახლახან დავამატეთ კრემყველი და იოგურტები, მიმდინარე წელს კი 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტის, ნარევი ყველების დამატება გვინდა. თბილისის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი იმერული ყველი, სულგუნი და ქარხნული ყველია. ასევე, ძალიან მოსწონთ არაჟანი და იოგურტი, რადგან ნედლი რძისგან დამზადებულს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს.

HACCP-ის სტანდარტი უკვე დავნერგეთ, უახლოეს მომავალში ISO სტანდარტსაც დავნერგავთ, ისეთი ტექნოლოგიებით მიმდინარეობს წარმოება, რომ გადაწყვეტის შემთხვევაში ექსპორტზე გასვლას არ გაგვიჭირდება,“- განაცხადა თამარ მოდებაძემ.

მისივე ცნობით, ზრდის მიუხედავად 2022 წელს კომპანიას გამოწვევებთან გამკლავებაც მოუწია, ძირითადი სირთულეები კი ნედლეულის ნაკლებობასა და მისი ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდებოდა.

„ძირითადად ნედლ რძეზე ვმუშაობთ, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით იშოვება. ნედლეულს დედოფლისწყაროში, ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ და მუდმივად ვცდილობთ, ისინი წავახალისოთ, წარმოება გააფართოონ. ამას ემატება რძის საფასურის ზრდაც, მაქსიმალურად ვეცადეთ, დაბალი მარჟის ხარჯზე ჩვენი პროდუქტის ფასი არ გაგვეზარდა, ჩვენ სწორედ ამით გამოვირჩევით, რომ ძალიან მაღალი ფასი არ გვაქვს, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე მაინც მოგვიწია ცვლილებები და მათი საფასური 30%-ით გავზარდეთ. ამ ეტაპზე მაგალითად ყველის ფასი 19-25 ლარს შორის მერყეობს", - განმარტავს თამარ მოდებაძე.

შეგახსენებთ, რომ საწარმო USAID-ის, FAO-ს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრანტებითა და პირადი ფინანსური ინვესტიციით ამოქმედდა. თანხის მოცულობამ კი 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ რძის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოში რძის ფასი პიკზეა და მასზე ფასის კიდევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი BM.GE-თან განმარტავს, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასის ზრდა ქვეყანაში გაზრდილმა მიგრაციამ და მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა, რამაც ისედაც დეფიციტურ ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტი შექმნა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურად 17,5%-ით არის გაძვირებული.