მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგჯერ ჩვენი [პარლამენტის] გადაწყვეტილებებით ხელს ვუწყობთ ფასების ზრდის ტენდენციებს - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ პრობლემებზე ისაუბრა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის როლზე და აღნიშნა, რომ საზოგადოება მხოლოდ ციფრებად ან სტატისტიკურ მონაცემებად ვერ აღიქმება. მისი თქმით, მოქალაქეები არიან რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს და საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს.

„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა გვაჩვენებს კიდევ ერთ ჭეშმარიტებას, რომ ამომრჩეველი არ არის უბრალოდ სტატისტიკა, უბრალოდ ციფრი. ეს არის ძალა, რომელიც წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და აჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის“, - თქვა მან.

ხუნდაძის თქმით, მოქალაქეებთან კომუნიკაცია და რეალური ნაბიჯები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებები: „როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია.

დემოგრაფიულ პრობლემებზე და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონადობას ამცირებს და საფრთხეებს ბევრ მიმართულებით ქმნის“, - ამბობს დეპუტატი.

მან ეკონომიკურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი ფორმატიც არსებობს, რეალური ეფექტი ბაზარზე მაინც არ ჩანს და უფრო მეტიც პარლამენტის მიღებულმა გადაწყვეტილებები ფასების ზრდის ტენდენციას აძლიერებს

„ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით. 2 თვეა სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შეზღუდვით, რამაც უკვე გააძვირა ავტომობილები და კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე განცხადებით, ენერგორესურსების ფასების ზრდა მოსახლეობაზე დამატებით ზეწოლას ახდენს :„ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში საომარი მოქმედებების ფონზე საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს“.

მცხეთის დელეგატმა რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში რიგი საკითხები კვლავ გადაუჭრელია. მისი თქმით, თიანეთში ბიუჯეტი საკმარისი არ არის, სიონის სასმელი წყლის პროექტი წლებია დაუმთავრებელია, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის უშუქო სოფლები : „დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი წლებია უკვე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშია, თაროზეა შემოდებული და დღემდე სიონი უწყლოდ არის“, - განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ პრობლემებია ყაზბეგშიც, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება მცხეთაში და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილება ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემაა.

„სოფელ მუხრანში თვეების განმავლობაში ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მოსახლეობა მტვერში ცხოვრობს. მცხეთაში კი ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა გაუსაძლისია, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩის მოუწესრიგებლობა ყოველდღიურ პრობლემად იქცა“, - განაცხადა მან.

ხუნდაძის თქმით, მან ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც გამართა შეხვედრა და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემების მოგვარება დაიწყება: "ინფრასტრუქტურის მინისტრს მივმართე და დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“.

დასასრულს მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებზე მუდმივი ზრუნვა უნდა იყოს და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები