მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზოგმა კლინიკამ დაბალი ფასი დადო, ზოგმა კი - რამდენჯერმე მაღალი"

5a081d01535fa
BM.GE
12.11.17 18:00
1983
პარლამენტმა ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებები შედის. ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციის თანხებს სახელმწიფო დაუდგენს, - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ სამშობიარო PINEO Luxury-ის დირექტორი ზაზა სინაურიძე საუბრობს.

-ბატონო ზაზა, რამდენად სამართლიანია ერთიანი ტარიფების დადგენა ყველა ოპერაციებზე ყველა კლინიკისთვის?

-საინტერესო საკითხია სამართლიანობასთან არის დაკავშირებული, რადგან ეს არ არის ფასი, რომელიც ჰაერიდან მოდის. ეს არის ფასი, რომელიც შეწონილ ყველა იმ პროცედურას, დიაგნოსტიკურ მანიპულაციას თუ მედიკამენტს გულისხმობს, რომელიც ამ დიაგნოზის გარშემო ტრიალებს. ამას ინგლისურად Diagnosis-related group (DRG) ქვია. შესაბამისად, ამ დიაგნოზთან რა პროცედურაც შეიძლება მიმართებაში იყოს, ის ყველაფერი შეიწონება და დაითვლება. სამართლიანობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი გზა არის, ვინაიდან იდეაში ნებისმიერი მანიპულაცია გათვლილი უნდა იყოს.

-დღეს რა ვითარებაა სექტორში, რას ეფუძნება ის აზრი, რომ ერთსა და იმავე ოპერაციაზე სხვადასხვა კლინიკაში ფასებზე საკმაოდ სოლიდური სხვაობაა?

-ნამდვილად ვერ გეტყვით, ემპირიული ფასი იყო დადგენილი და ამ ფასიდან გამომდინარე ზოგიერთმა კლინიკამ ბევრად დაბალი ფასი დადო, ზოგმა კი პირიქით, რამდენჯერმე დიდი ფასი დააწესა. სამედიცინო პროცესის ფისკალიზაცია, ანუ გათვლა დღევანდელ ტარიფებში ფაქტობრივად გააზრებული არ არის.

-როგორ ფიქრობთ, შეუშლის თუ არა ეს ხელს სექტორის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას თუ ბაზარზე ყველა კლინიკისთვის ერთიანი თამაშის წესები იქნება?

-ჩემი აზრით, პირიქით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც ქეისი გაცილებით მეტ დანახარჯს ითხოვს, ვიდრე მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის ანაზღაურება. შესაბამისად თუ ეს დაჯგუფდა და აღნიშნული ქეისები ცალკე ჯგუფად იქნა გამოყოფილი, ამ შემთხვევაში ხშირად უფრო მეტად იქნება გასწორებული ყველა ის ხარჯი, რომლის გადაფარვაც კლინიკას სხვა პაციენტების ხარჯზე უწევს. უფრო მეტი საშუალება დარჩება იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიები შეიძინოს კლინიკამ და რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ზრდაზე მეტს იზრუნებენ.

-2014 წელს თქვენ განაცხადეთ, რომ ინვესტორების კერძო ინტერესებს ეწირება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებას ხომ არ შეუწყობს ხელს, რაზეც 2018 წელს განსახორციელებელი რეფორმებია ორიენტირებული?

-რა თქმა უნდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით 3-4 წლის წინ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული თანხის უკან სამედიცინო პროცესის აღწერილობა იდგეს. აღნიშნული თანხა პაციენტების ხარისხიან მომსახურებას მოხმარდება. ამ შემთხვევაში მედიცინის დონეც და ხარისხიც აიწევს და ინვესტორებსაც, რა თქმა უნდა, სარგებელი ექნებათ. ოღონდ ეს ვიღაცის ხარჯზე არ იქნება, იგივე სამედიცინო პერსონალის, მედიკამენტის ან პაციენტის ხარჯზე არ იქნება.

-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედპერსონალს რომ რამდენიმე დაწესებულებაში უწევს მუშაობა, ეს შეცდომის ალბათობას აზრდის, დგას თუ არა რეალურად აღნიშნული პრობლემა დღეს სისტემაში?

-ისევ ხარისხიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. გუნდური მიდგომა. ნებისმიერი მენეჯერი, რომელიც საავადმყოფოს მართავს, გუნდი უნდა ყავდეს ჩამოყალიბებული. მედიცინა დღეს ისე სწრაფად ვითარდება მარტო ერთი ექიმი ვერ მოერევა ყველა თანმხლებ ნოზოლოგიას. შესაბამისად, გუნდური მიდგომა მთელ მსოფლიოში პრიორიტეტად არის. ძალიან რთულია, როდესაც შენი გუნდის წევრი იმ მომენტში როდესაც იგი გჭირდება არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნება საუბარი იგივე სამუშაოს აღწერილობის ზუსტად, ზედმიწევნით შესრულებაზე 9 საათიდან 6-მდე და 6 საათის შემდეგ ის ადამიანი სად წავა ეს მისი პირადი საქმეა. თუ ექიმი სამუშაოს აღწერილობას არღვევს და სამსახურიდან ადრე გარბის, მაშინ რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია. თუმცა ეს უფრო მენეჯერების დასარეგულირებელია და არა სახელმწიფოსი.

-შემოსავლები როგორ უნდა გაიზარდოს, რომ სამედიცინო პერსონალს რამდენიმე სამსახურში არ მოუწიოს მუშაობა?

-ყველა ადამიანს თავისი მოთხოვნა აქვს და აქედან გამომდინარე მე ვერ გეტყვით ვინ რა ფარგლებში დარჩება ერთ საავადმყოფოში, თუმცა აღვნიშნავ, რომ მე ბევრჯერ მიმუშავია საზღვარგარეთ და ცხადია, იქაც სამუშაო აღწერილობას თუ ასრულებ, არავინ აღარ გეკითხება საღამოს სად მიდიხარ და დამატებით შემოსავალს საიდან შოულობ. თუ ეს მენეჯერის დონეზე იქნება დალაგებული, ვფიქრობ, პრობლემა აღარ იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები