მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზოიძე რეგულაციების შერბილებაზე: "თავიდან არ უნდა გაჩნდეს ე.წ "იპოთეკარების სევდიანი კასტა"

5cab74817ea77
დათო ჯალაღონია
09.04.19 10:00
829
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ მოქმედი საბანკო რეგულაციები შერბილების მიმართულებით გადაიხედოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მოწყვლადი კატეგორია ჭარბვალიანობის პრობლემისგან ისევ დაცული დარჩება.

ამის შესახებ აკაკი ზოიძემ BM.GE-ის ეროვნული ბანკის პრეზიენტის კობა გვენეტაძის მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ საბანკო რეგულაციები და მისგან გამოწვეული შედეგებია.

„ჩვენი მხრიდან, პარლამენტი მზად არის, რომ ძირითად ვექტორს არ გადავუხვიოთ, მაგრამ თუ არის საშუალება, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს, ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ.

არა მგონია საოჯახო საგანი იყოს ან ახალი თაობის მობილური ტელეფონი ან უახლესი მანქანა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაანალიზებელია და ყველას ამისთვის არ გამოაქვს სესხი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი არის ის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ ჭარბვალიანობისგან და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ამ ბალანსის დაცვა საკმაოდ რთულია. შეგიძლია, მიუშვა ბოლომდე და ხუთი-ათი წლის შემდეგ გასკდეს ეს პირამიდა, როცა ჩვენი პასუხისმგებლობა აღარ იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ, რა შეიძლება, რომ ამ კუთხით შეიცვალოს, თუ ადამიანს მართლა გადაუდებელი საჭიროებისთვის სჭირდება თანხის მობილიზება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ „თავიდან არ უნდა გაჩნდეს ე.წ „იპოთეკარების სევდიანი კასტა“.

ამასთან, დეპუტატი საცალო სექტორის მიერ შიდა განვადებების სისტემის განვითარებას და მაგალითად, საოჯახო ტექნიკის მაღაზიებისგან გარკვეული რისკების აღებას, ემხრობა.

„ის, რომ შემცირდა გარკვეული დინამიკა სამშენებლო სექტორში ან განვადებებით საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანის ან მოხმარების კუთხით, ამას კიდევ დავაკვირდებით. ჯერ სამი თვე გავიდა. შეიძლება, უფრო სხვა მექანიზმები იყოს საჭირო, რომელშიც ცოტა რისკს მაინც აიღებენ თვითონ ის საბითუმო გამყიდველები, თუ მაღაზიები, საცალო გამყიდველები. აქ ჩემი აზრით, შესაძლებელია გადახედვაზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ტექნიკის მაღაზიები მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის სწორად შეფასებას, თუ ამას ბანკი არ გააკეთებს, დეპუტატი პასუხად აღნიშნავს, რომ ამისთვის გარკვეული კრიტერიუმების მოფიქრება შესაძლებელია.

„ძალიან ელემენტარული პარამეტრების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება. არის გარკვეული პარამეტრები, რომლის მიხედვით, შესაძლებელია, წინასწარ იყოს დადგენილი, როდის შეგიძლია გასცე (განვადებით ტექნიკა), მაშინ როცა ბანკმა განვადებით არ მისცა. ძალიან მარტივია ამ პარამეტრების დადგენა. ინდივიდუალურ შეფასებაზე არ არის აქ საუბარი, საკრედიტო ოფიცრები არ ჰყავს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ „თუ აქვს სურვილი, რომ გაყიდოს თავისი ტექნიკა, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, აიღოს ეს რიკი. თუ არა - ნუ გაყიდის (ტექნიკას და ა.შ), დამთავრდა“.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო და იპოთკური სესხების გაცემაზე რეგულაციები ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დანერგა. რაც შეეხება რეგულაციების ეფექტს, პარლამენტში მოხსენების ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა 25 მარტის მდგომარეობით არსებული საბანკო რეგულაციების შედეგები, რომლის თანახმად მომენტალური განვადებები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით შემცირდა, სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი 5%-ია, იპოთეკურის კი - დაახლოებით, 30%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები