მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის ამოქმედება 1 აგვისტომდე გადავადდა

5cee3b9d53d6d
ლიკა გურაბანიძე
29.05.19 11:57
649
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასულ კვირას საკრებულომ ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი დაამტკიცა, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა.

კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მისდევდეს ამ რეფორმას, შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარკირების საპილოტე პროექტი არა 1 ივლისიდან, არამედ 1 აგვისტოდან ამოქმედდეს.

"ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაწყებული გვაქვს. 90 ერთეული MAN–ის მარკის ავტობუსები შევიძინეთ, 50 უკვე ადგილზეა და 40 თვენახევარში ჩამოვა და მოემსახურება დედაქალაქს. გარდა ამისა, 220 ავტობუსზე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება და აგვისტოს ბოლოდან დაიწყება შემოსვლა და წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ავტობუსები ქალაქში.

როცა ჩვენ საათობრივ პარკირებაზე გადავდივართ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მისდევდეს ამ რეფორმას. კონკრეტულ ლოკაციებზე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, საკუთარი ავტომობილით მივიდეს, იმდენად პოპულარული უნდა გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - აცხადებს კახა კალაძე.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბაში ამოქმედდება.

პარკირების საფასურის გადახდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ მოუწევთ. პარკირების გადასახადისგან გათავისუფლებულია ასევე ელექტრომობილები.

პარკირების საფასურის გადახდა სპეციალური აპლიკაციით და გადახდის აპარატებით იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები