ვიდეოკონფერენციების პლაფტორმა Zoom-ი მიმდინარე წელს შემოსავლების 40%-იან ზრდას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Zoom-ის ხელმძღვანელი ერიკ იუანი აცხადებს, რომ პლატფორმაზე მოთხოვნა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება, რადგან დისტანციურად მუშაობა 2021-შიც აქტუალური იქნება.
კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს Zoom-ის შემოსავლები 3.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზის საფუძველზე, კომპანიის აქციებზე ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 6%-ით გაიზარდა.
„ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ ვიდეოკონფერენციების პლატფორმა მიმდინარე წელსაც ისეთივე დიდი მოთხოვნით ისარგებლებდა, როგორც შარშან, თუმცა ბიზნესი ბაზარზე პოზიციონირებას ისევ ძლიერად განაგრძობს“, - განაცხადა ერიკ იუანმა.
ცნობისთვის, გასული წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავლები 370%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 882.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.