USAID მეწარმეობის ხელშესაწყობად დაახლოებით 15 მილიონიან პროექტს იწყებს სახელწოდებით "ზრდა საქართველოში". ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გათვლებით პროექტის განხორციელების შედეგად 2 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო 11 000 ოჯახს კი შემოსავლები გაეზრდება. პროექტის დეტალებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძე საუბრობს.
- რა მიმართულებით მოხდება შესაბამისი თანხების აკუმულირება?
- ჩვენი პროექტი "ზრდა საქართველოში" ნამდვილად საინტერესოა. ეს არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, გუშინ ოფიციალურად გამოვაცხადეთ პროექტის დაწყება შიდა ქართლის სოფელ ნიქოზში. პროექტი 15 მილიონიანია და გათლილია 5 წელზე. კონკრეტული რეგიონებია შერჩეული, რომელშიც ეს პროექტი განხორციელდება.
- რეგიონების შერჩევა რა კრიტერიუმებით მოხდა?
- რეგიონების შერჩევას თავისი კრიტერიუმები ჰქონდა განსაზღვრული. ჩვენი არა ერთი შეხვედრის საფუძველზე რეგიონებში ადგილობრივ მთავრობასთან თუ ცენტრალურ მთავრობასთან, განისაზღვრა ისეთი კრიტერიუმები, რომ კონცენტრაცია ყოფილიყო ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებსა და ასევე საზღვრისპირა სოფლებში დასახლებულ მოსახლეობაზე, რომლებიც ჩვენი პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფი იქნებიან და დახმარებას მიიღებენ.
ეს რეგიონებია: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და მცხეთა მთიანეთის რეგიონი.
- სოფლის მეურნეობის სფეროს რომელი მიმართულებებია განსაზღვრული პროექტით?
- როგორც რეგიონების შერჩევა მოხდა, ასევე ბევრი დისკუსიისა და შეხვედრის საფუძველზე სექტორებზე ჩამოვყალიბდით, რომელზეც პროექტი იმუშავებს. ეს სექტორებია სასოფლო სამეურნეო სექტორიდან: კენკროვანი კულტურების წარმოება, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება სასათბურე მეურნეობები, ასევე კარტოფილის წარმოება. არასასოფლო სამეურნეო სექტორიდან არის ტურიზმი და ასევე სერვისები, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ვგულისხმობთ.
- მოქალაქეების ინფორმირების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- პროექტი დაწყებით ფაზაშია. სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც ოფიციალურად დავიწყეთ, მაგრამ უკვე შევძელით, რომ რეგიონებში ოფისები გაგვეხსნა. ამ ეტაპზე ოფისი გვაქვს ქალაქ ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში, რომლებიც კვალიფიციური თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, იმ ჯგუფით, რომლებიც არა ერთ სხვა პროექტში მუშაობდნენ წლების განმავლობაში და რეგიონებს კარგად იცნობენ. მათ ჩვენი პროექტისა და იმ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. ეს იქნება ტრენინგების პროგრამები, საგრანტო პროგრამა და ა.შ. რა აქტივობებსაც განვახორციელებთ ყველაფერი ჩვენი facebook-ის გვერდზე იქნება განთავსებული. ცოტა ხანში ვებ-გვერდიც გვექნება, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია და იქ ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება, რომელიც პოტენციური ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
- გარკვეულწილად დუბლირება ხომ არ მოხდება შესაბამის სტრუქტურებთან, მაგალითად საპარტნიორო ფონდის და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამებთან?
- ზუსად მაგიტომ, რომ დუბლირება არ მოხდეს, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადსხვა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც იმ რეგიონების ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მთავრობასთან, სააგენტოებთან, რომლებიც სამინისტროების დაქვემდებარების ქვეშ არიან, ეს არის სოფლის მეურნეობის პროექტების მართის სააგენტო, ასევე “აწარმოე საქართველოში“ პროგრამა და საპარტნიორო ფონდი. მათთან ერთად კონკრეტული აქტივობები გვაქვს დაგეგმილი და ასევე ისინი რა პროექტებსაც აწარმოებენ იმ ინფორმაციის გავრცელებაშიც დავეხმარებით, ამაზე რეგიონებში ერთად ვიმუშავებთ, რათა უფრო მეტმა ბენეფიციარმა, მეტმა ადამიანმა მიიღოს პროგრამებიდან სარგებელი.

























