საქართველოში ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და ნარკოტიკის მომხმარებლებზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემის პირველი სრულყოფილი შეფასებითი ანგარიში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო პროგრამების მართვა ხარვეზებით მიმდინარეობს. არ არის საკმარისი ფინანსური რესურსები, რაც უარყოფითად აისახება მომსხურების ხარისხზე.
პირველი სრულყოფილი ანგარიში ,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან“ თანამშრომლობით ჩაატარა. ავტორების აზრით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს და წამალდამოკუდებულებს სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა აქვთ, ხოლო შინ მოვლის პროგრამების არსებობა დონორებზეა დამოკიდებული.
„საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, ნარკოტიკის მომხმარებლები, ჯერ კიდევ დაუცველები, ხშირად საზოგადოებისაგან უარყოფილნი და არასაკმარისად ინტეგრირებულნი არიან. ის, რაც ერთიანობაში მოიაზრება ზრუნვის სისტემად, იფარება ფრაგმენტულად და ნაწილობრივ, შედეგად პაციენტები რჩებიან მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე.“ - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“.
სრულყოფილი სურათის დასანახად, თუ რამდენად პასუხობს სისტემა ბენეფიციარების საჭიროებებს, უზრუნველყოფს თუ არა მათ დროული, ხარისხიანი და თანმიმდევრული სერვისებით, ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშისთვის კვლევა შემდგომ წლებშიც ჩატარდება.

























