მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

60a20f32996e7
ინგა მურუსიძე
17.05.21 10:36
704
ზუგდიდის არჩეული მერი გეგა შენგელია თანამდებობიდან გადადგა. ზუგდიდის მერიაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ აჟღერებენ.

"ძვირფასო ზუგდიდელებო!

ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.  ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით:

- ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა.
- სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი.
- აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები.
- დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის - ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.
- დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა.
- ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება.
- მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები.

Covid19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომლებიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.
ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

ჩემო ზუგდიდელებო!  ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას.

ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.
ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას.

მე როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ზუგდიდის მერი თანამდებობიდან წასვლის შესახებ კითხვებს ბრიფინგზე უპასუხებს, რომელსაც 11:00 საათზე გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები