მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდის ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები ყოველთვიურად იღებდნენ 1500 ლარს - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

ტრაგედია

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში, ხანძრის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. როგორც სააგენტო იტყობინება, ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, 2023 წლის 1 აპრილიდან, ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებული.

"რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ოჯახს, მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს, დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი, ყოველთვიურად, შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში", - წერია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, ხოლო ბინაში მყოფი კიდევ 2 მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის შედეგად დაღუპული 6 წლის ტყუპი ძმების ოჯახი სოციალურად დაუცველია. დედა ოთხ შვილს მარტო ზრდიდა, ბინა კი, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაქირავებული ჰქონდა. მეზობლების თანახმად, ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, მათი ვარაუდით, შეიძლება გამხდარიყო სანთელი, რომელიც შინ მარტო მყოფ ბავშვებს ჩაძინებისას შესაძლოა ანთებული დარჩათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები