მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა - ინვესტიცია 27 მილიონ ლარს შეადგენს

აუზი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ობიექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 27 მილიონ ლარამდე ინვესტიციით ააშენა. ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

ახალი სპორტკომპლექსი მრავალფუნქციურია და მოიცავს:

დიდ და მცირე საცურაო აუზს, ტრენაჟორებისა და ძალოსნობის დარბაზებს, საერთაშორისო სტანდარტების გასახდელებსა და საშხაპეებს სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპლექსში მოწყობილია გათბობის, გაგრილების და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემები, ასევე სივრცე კაფესა და მცირე მაღაზიისთვის. მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო, მათ შორის, 100 მსუბუქი ავტომობილისა და 3 ავტობუსის სადგომი.

სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარით.

მათივე ცნობით, პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ოთხი სპორტული კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის კომპლექსები, ხოლო ახალციხის ობიექტის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ზუგდიდში კომპლექსის გახსნას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძეც დაესწრო.

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად ბატონ რევაზ სოხაძეს. მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული სპორტკომპლექსის
მშენებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც არის ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან საიმედო პარტნიორი. კიდევ ერთხელ, მადლობა აზიის განვითარების ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის.

მჯერა, რომ ზუგდიდის ახალი სპორტკომპლექსი ხელს შეუწყობს ამ რეგიონში და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, მრავალი ახალი ჩემპიონის აღზრდას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სპორტკომპლექსის გახსნა და მინდა მშვიდობა და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები