მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი აშენდება, პროექტის ღირებულება 17 მლნ ევროა

632173fb954bb
დიმა კვარაცხელია
19.09.22 09:00
1413
2024 წელს, ზუგდიდში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი აშენდება. ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ევროა.

როგორც BM.GE-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განუცხადა, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე თქმით, პროექტის მიზანი რეგიონში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზუგდიდსა და ფოთში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება. გარდა ამისა, პროექტი ფოთში, წალენჯიხასა და ლახანში გადამტვირთავი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს.

"ეს ყველაფერი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტამდე, ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. ასევე მუნიციპალიტეტებისთვის საპრესი აღჭურვილი ნაგავმზიდების, ნარჩენების კონტეინერებისა და ქუჩების დასუფთავების ტექნიკის უზრუნველყოფა იგეგმება",- აცხადებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი.

მისივე განცხადებით, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს მომავალში საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

შუხოშვილის თქმით, პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ.

"გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში ქაღალდისა და მყარი მუყაოს გადამუშავება იგეგმება. დაიდგმება სპეციალური ურნები. ქალაქს აღჭურვილობა და სპეციალური ტექნიკა გადაეცემა, რომელიც ამ ყველაფრისთვის საჭიროა. სამსახურის წარმომადგენლებს ზამთრისა და ზაფხულის ახალი უნიფორმა ექნებათ", - თქვა გიორგი შუხოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები