მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზუმერის" გაყიდვები 2023 წელს 160 მილიონი ლარით, ₾576 მილიონამდე გაიზარდა

ზუმერი

"ზუმერი" შემოსავლების მოცულობით საქართველოში ელექტროტექნიკით ვაჭრობის სექტორის უმსხვილესი მოთამაშე გახდა - ამის შესახებ კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის გაყიდვები გასულ წელს 160 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 576 მილიონ ლარს მიაღწია.

"ზუმერი" ძირითადად ციფრული ტექნიკითა და აქსესუარებით ვაჭრობს, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიის შემოსავლები არის უფრო დიდი ვიდრე იმ კომპანიების, რომლებიც სხვა ელექტრონული ტექნიკის პროდუქციითაც ვაჭრობენ.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 527.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის მიზანს მომხმარებლებისთვის კომფორტულ და ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება წარმოადგენს. კომპანია 2023 წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 7 ქალაქში 17 ფილიალით.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავლის მკვეთრი მატების მიუხედავად თითქმის უცვლელად, 14 მილიონ ლარზე შენარჩუნდა კომპანიის წმინდა მოგების მაჩვენებელი.

"კომპანიის მმართველი გუნდი მუდმივად ცდილობს გააფართოოს გეოგრაფიული არეალი და ციფრული ტექნოლოგია მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნისათვის. 2023 წელს ბათუმში გაიხსნა ზუმერის მესამე მაღაზია, 2024 წლიდან კომპანია გეგმავს გახსნას და განაახლოს ფილიალები ახალ ქალაქებში მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.

,,შპს ზუმერი ჯორჯიას“ საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს ციფრული ტექნიკით საბითუმო და საცალო ვაჭრობა. კომპანია არის იმპორტიორი, თუმცა პროდუქციის შესყიდვა ხდება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მომწოდებლისგან. იმპორტს კომპანია ახორციელებს მთელი მსოფლიოდან, 2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო მომწოდებლები ძირითადად იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩეხეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან. ზუმერი ადგილობრივ მომწოდებლებთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და მარაგებს მათი საშუალებითაც ყიდულობს.

2023 წელს განახლდა საიტი, როგორც ფუნქციონალი ასევე დიზაინი. განახლებულ საიტზე გამარტივებულია შეკვეთის გაკეთების პროცედურები, ასევე ადმინისტრირების ნაწილი. განახლებები საშუალებას იძლევა ონლაინ გაყიდვებმა ბევრად დიდ დატვირთვას გაუძლოს, ახალი ტექნოლოგიები კი ბევრად მსუბუქს ხდის რეალიზაცია-მიწოდების პროცესს. განახლდა პროდუქციის ძიების ალგორითმი და ფილტრები,"- ნათქვამია ზუმერის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიაში 405 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებმაც 14 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის აქტივები სულ 65.5 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები