მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

სს

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს.

ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. დღეს კი, 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ზურაბ ჯაფარიძემ სხდომათა დარბაზში მოსამართლეს კიდევ ერთხელ გაუმეორა რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციას არ ცნობს.

„[თანხა] მიზანმიმართულად არ გადავიხადე, რადგან მგონია, რომ უსამართლო და არასწორია. მთელი ძალაუფლება არის ერთ პოლიტიკური ძალის და ივანიშვილის ხელში მოქცეული. კომისიის ლეგიტიმაციას არ ვცნობ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ არ დააკმაყოფილა და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის.

ფოტო: ნეტგაზეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები