ზურაბ აბაშიძე: SGS-სთან საკითხების დაზუსტებას დაახლოებით, 2 თვე დასჭირდება
დავით ჯალაღონია
09.06.18 15:45
• 1003
რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნებში შვეიცარიელი მონიტორების შესვლის თარიღი უცნობია.
როგორც BM.GE-ს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ახლო მომავალში შვეიცარიელებთან ფორმალური დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრები იგეგმება.
"შვეიცარიელების მეშვეობით გამოიკვეთება, ახლო პერსპექტივაში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერთობლივად. მათთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს დრამატურგია ახლო მომავლისთვის, მხედველობაში მაქვს დაახლოებით, ორი თვე. დარჩენილია გარკვეული ფორმალობები", - განაცხადა აბაშიძემ.
მეტი ინფორმაციის მისაღებად BM.GE შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, საერთო ჯამში, რა ვადებია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამის ბუფერულ ზონებში შვეიცარიელმა მონიტორებმა რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგი დაიწყონ.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ფედრაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, შესაბამისად, საქართველოსა და SGS-ს შორის ხელშეკრულება ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ SGS-თან კონტრაქტს ხელი 2017 წლის ბოლოს მოაწერა.
ცნობისთვის, 2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი - საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს.