ზურაბ ბაქრაძე: ახლა უნდა თქვას ქალაქმა – მორჩა, აქ მშენებლობა არ შეიძლება
დავით ჯალაღონია
03.03.19 13:20
• 1426
ქალაქმგეგმარებლის ზურაბ ბაქრაძის აზრით, თბილისის მთავრობას გაუჭირდება მონახოს ბალანსი კერძო პირებისა და დედაქალაქის ინტერესებს შორის. ამის შესახებ მან BM.GE–სთან, თბილისის გენგეგმის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ბაქრაძემ აღნიშნა, გასული 30 წლის განმავლობაში, "დეველოპერებს და საერთოდ, კერძო სექტორს შეექმნათ ილუზია, რომ ყველაფრის კეთება შეუძლიათ, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა".
"მთელი გამოწვევა ახლა ამაშია, შეძლებს თუ არა ქალაქის მმართველობა, ამ ჩვევას წინ აღუდგეს. კერძო სექტორი მიჩვეულია, რომ თუ რაიმე მას ეკუთვნის, იქ რისი გაკეთებაც უნდა, იმას გააკეთებს და თუ კანონქვმდებარე აქტი ამის საშუალებას არ აძლევს, მერიაში განცხადებას შეიტანს და მერია მოემსახურება, როგორც სერვის ცენტრი და მისცემს ამის უფლებას. ამას მიეჩვია ეს საზოგადოება. თითქმის 30 წელია ეს საზოგადოება ასე ცხოვრობს. ახლა იკვეთება ნიშნები იმისა, რომ ამის აღკვეთა უნდა ქალაქის მმართველობას, უნდა, რომ თამაშის ჩარჩო პირობები თავიდანვე შექმნას, სადაც კერძო პირსაც და საზოგადოებასაც წინასწარ ეცოდინება ამ თამაშის წესები, რასაც ნელ-ნელა უნდა მოერგოს, თუმცა გაუჭირდება", – განაცხადა მან.
კითხვაზე, შეცვლის თუ არა ქაოსური განაშენიანებით მიღებულ შედეგებს მერიის მიდგომა, რაც რიგი ტერიტორიების გამოსყიდვასა და კერძო მესაკუთრეებისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზებას გულისხმობს, ქალაქმგეგმარებელი პასუხობს, რომ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია, თუ პოლიტიკური ნება იქნება.
"ამას პოლიტიკური ნება და სიმტკიცე სჭირდება. იმ ჯგუფმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა იცოდეს, რაზე მიდის. მას უნდა ჰქონდეს მყარად დგომის უნარი, რომ გაავლოს წითელი ხაზი. ეს წითელი ხაზი ახლა თუ არ გაივლო, ქალაქს არაფერი ეშველება. რომ დახედოთ ახლა ქალაქს, რა მდგომარეობაშია მის გარშემო ფერდები, სადაც სატყეო ტერიტორიაა დანიშნული, სარეკრეაციო სივრცეები, ყველგან კერძო საკუთრებას ნახავთ და ახლა უნდა თქვას ქალაქმა, რომ მორჩა - აქ მშენებლობა არ შეიძლება – ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი წინაპრების დანაშაული როგორღაც შევამსუბუქოთ", – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ და დასძინა, რომ კომპენსაცია და ადგილმონაცვლეობით ახალი ტერიტორიების შეთავაზება ყველას ვერ შეეხება, რადგან თბილისს უზარმაზარი ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი.
შეგახსენებთ, რომ მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.