„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უარი გამოცხადდეს საპარლამენტო კომიტეტზე, პარლამენტის რეგლამენტის და შასაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.
ასე ეხმაურება ჭიაბერაშვილი ეროვნული ბანკის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სებ-ი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს TBC ბანკის საქმეზე პარლამენტში საუბარს და ასევე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს.
„საკითხის სამართლებრივი მხარე გვერდზე რომ გადავდოთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არასწორი ნაბიჯია შემდეგი მოსაზრებითაც:
1. ეროვნული ბანკის რეგულაციებით უკვე შეექმნა პრობლემა ათასობით ადამიანს: ზოგმა სესხი ვერ აიღო, ზოგმა განვადება ვერ გააფორმა, ზოგის მაღაზია გაკოტრდა და ზოგმა კი, ამ მაღაზიებში სამუშაო ადგილი დაკარგა. როდესაც ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ამაზე არაფერი აქვს ჯერ სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ვერც სიტუაციას ფლობს და არც მომავლის ხედვა აქვს;
2. "თიბისი" ბანკის საკითხი თუ მოგვარდა, მით უმეტეს გაუგებარია არმოსვლა. კობა გვენეტაძეს შეუძლია, ღია საკომიტეტო მოსმენა სწორედ იმისთვის გამოიყენოს, რომ დაამშვიდოს საზოგადოება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. არმოსვლა, პირიქით, აღძრავს კიდევ უფრო მეტ ეჭვს, რომ საქმე ვერაა გამართული და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ გრძნობს თავს მყარად, საზოგადოების კითხვებს უპასუხოს.
როგორც ერთ, ისე მეორე საკითხზე დამალვა ურტყამს ეროვნული ბანკის იმიჯს და მისი მთავრობისაგან დამოუკიდებლობის აღქმას. ეს კი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე საბანკო რეგულაციებით ჩვენი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი და "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით ბიზნესის დაშინება“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

























