პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკურ აქტოვობაზე უარყოფითად აისახება.
"სულ უფრო მეტად ვცილდებით იმ პოზიციას, რაზეც იდგა ილია ჭავჭავაძე, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ მიწა უნდა იყოს გამოყენებული როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი კეთილდღეობის ზრდისთვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მიდგმები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს იმას უზრუნველყოფს, რომ მიწას, როგორც ეკონომიკური აქტივობის რესურსს, ვეღარ გამოვიყენებთ. ასევე, სამწუხაროდ, მიწის ფასების კლებას უნდა ველოდოთ იმ რეგულაციებით, რაც „ქართულ ოცნებას" შემოაქვს და შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც შეიძლება, მიწა ჰქონდეს, ვერაფერში გამოიყენებს, რაც დააკლდება ეკონომიკურ აქტივობასაც და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდასაც", - მიიჩნევს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. რეგულაციების აუცილებლობას კანონპროექტის ავტორები სახელმწიფოს საჯარო ინტერესის დაცვით ხსნიან. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთი მიწის გასხვისების აკრძალვის მთავარი დანიშნულება უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილებაა, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე“.

























