მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ჭიაბერაშვილს ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე "გახარიას წერილი" ახსენდება

5d5e64e38f246
დავით ჯალაღონია
22.08.19 13:46
916
საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი "TV პირველის" მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას "TV პირველის" ჩახშობის მცდელობად აფასებს.

"პირველ რიგში, ყველას გაგვახსენდება გახარიას ცნობილი წერილი მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომელიც ხაზარაძემ გაასაჯაროვა თავის დროზე, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აუცილებელი იყო ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და გვახსოვს იქ „TV პირველის“ მოხსენიება. ამიტომ როდესაც ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის კვალი ახლა მიიყვანეს ავთო წერეთელთან, ეს ცალსახად უკავშირდება იმ პროცესს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და რაც მისი აზრით, მას ბოლოში მიჰყავს, როდესაც "რუსთავი 2"–ის დახურვას ახლა უნდა მოჰყვეს "TV პირველის" ჩახშობა და დახურვა, მაგრამ აქ ერთი რამ ცხადზე უცხადესია, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი მოხუფოს და ჩარჩოში მოაქციოს ის საზოგადოებრივი პროტესტი, რაც მის მიმართ არსებობს, მით უფრო მტკივნეულად მიიღებს საპასუხო დარტყმას საზოგადოების მხრიდან.

თავისუფლაი მედია ჩვენი დემოკრატიული არსებობის საფუძველია და რაც უფრო მეტად შეეცდება ჩაახშოს დამოუკდიებელი მედია, ბუნებრივია, ამას საზოგადოება ძალიან მკაფიო პასუხს გასცემს.

აქ ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ავთო წერეთელზე, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასაც ესმის და ბევრ ადამიანს, ვინც საქმეშია, რომ ახლა რაიმე დათმობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მერყეობა, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა სიმტკიცე გამოვლენილი, როგორც ეს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებმა აჩვენეს, გაუკეთებს საზოგადოებას ისეთ მობილიზაციას, რომელიც ყველაზე საუკეთესო თავდაცვა იქნება იმ უკანონობის წინააღმდეგ ავთო წერეთლისთვის, რაც ახლა მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო", – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.

პროკურატურა წერეთელს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები