სერბეთის სახელით მოასპარეზე ყოფილი ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია. ინფორმაციას გამოცემა Ita.sport იუწყება.
2021 წელს დათუნაშვილმა დოპინგ კონტროლი დაარღვია, რომელიც თავდაპირველად არ გახმაურებულა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ დაადგინა, რომ მოჭიდავემ შარდის სინჯის ყალბი ანალიზები წარმოადგინა და მას აღნიშნული ბრალი დაუმტკიცდა.
ასეთი დანაშაულის გამო საარბიტრაჟო სასამართლო ათლეტისთვის სასჯელად 5 წლიან დისკვალიფიკაციას და 2021 წლის 27 მაისიდან მოყოლებული ყველა, მათ შორის ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიო პირველობაზე მიღებული ორი ოქროს მედლის, გაუქმებას მოითხოვს.
დათუნაშვილმა გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მედლებისა და სპორტული შედეგების ანულირების საკითხი ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერებულია. თუ ყველაფერი დათუნაშვილის სასარგებლოდ გადაწყდება, მას ყველა მოგებული ტიტული დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი 2019 წლის იანვრამდე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი იყო, რა დროსაც ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ასპარეზობა გადაწყვიტა და 2021-22 წლებში ოსლოსა და ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველმა სპორტსმენმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა.