მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ ჯაფარიძე: სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება აღრიცხული არ არის

5db570d42454b
ნუცა ბაზლიძე
27.10.19 14:55
950
„როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურად მოვთხოვე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ნუსხა, რაც ვერ მივიღე. ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა მითხრა, რომ მის შედგენას ეცდებოდნენ“, – განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მითითებას ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მიმართ, გაჩერებული აქტივების საპრივატიზაციო ნუსხაში მოქცევასთან დაკავშირებით.

„გირჩის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში, შესაძლებელია გარკვეული რაოდენობით აქტივების მოძიება, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

„სანამ ჩვენ იმ რეალობაში ვიქნებით, რომ „ბოლშევიკების“ მიერ ადამიანებისთვის წართმეული ქონება სახელმწიფოს ხელში დარჩება, მანამდე კერძო საკუთრებასა და თავისუფალი ბაზრის მექანიზმზე, დასავლურ სტანდარტებზე საუბარი ზედმეტია“, - განმარტავს ჯაფარიძე.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას „გირჩის“ დამფუძნებელი იმ ფაქტსაც შეეხო, რომ ტყე და წიაღისეული არსებული კანონით არ შეიძლება იყოს ადამიანის საკუთრებაში, რაც აღნიშნული რესურსის დაცვის მექანიზმადაა აღქმული. მისი განმარტებით, ეს ხელისუფლების მხრიდან მათივე ინტერესების გატარების გამოვლინებაა.

„მათ ურჩევნიათ ტყე ფორმალურად იყოს ხელშეუხებელი, სინამდვილეში კი მაინც იჩეხებოდეს და კორუფციულად იღებდნენ ფულს“, - აცხადებს ჯაფარიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები