თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
ჯაფარიძეს ასევე ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა, პასპორტი და პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
აღსანიშნავია, რომ ჯაფარიძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მისჯილი 7-თვიანი ვადა ციხეში სრულად გაატარა და ციხე 19 დეკემბერს დატოვა. პატიმრობაში ყოფნის დროს, პროკურატურამ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის წინააღმდეგ. ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.




























