ზურაბ ლალაზაშვილი: "თუ იქნება მცირე მთავრობა და ნაკლები ბიუროკრატია, ამას მივესალმები"
BM.GE
17.06.18 15:00
• 1113
BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობისა და ანაზღაურების მიმართულებით, მთავრობამ ცვლილებები უნდა განახორციელოს. ლალაზაშვილმა „ანალიტიკას“ ეთერში ახალი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური პოლიტიკის მოლოდინების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისი წინამორბედისგან თვისობრივად განსხვავებული ვერ იქნება.
„ვფიქრობ, რომ ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკა რაც იყო დიდად ვერ შეიცვლება, ვინაიდან თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ დასავლური განვითარებული ქვეყნების ნაწილი, მეტ-ნაკლებად ის თამაშის წესები უნდა შემოვიღოთ, რაც იქ არის. ეს რიგ შემთხვევაში იწვევს დამატებითი რეგულაციის შემოღებას, შეზღუდვას და ა.შ. თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებდი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე რაც იყო გაჟღერებული ბახტაძის მიერ. ერთი ეს არის განათლება და მეორე ინოვაციები. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, შეიძლება რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ დასავლური ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებისგან ძალიან შორს ვართ და თუ ჩვენ გვინდა რომ მდიდარი ქვეყნა ვიყოთ, ამას მხოლოდ განათლებული და ძლიერი საზოგადოებით შევძლებთ. უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, თამაშის წესები, მაგრამ განათლება არის ფუნდამეტი, რომელიც ყველაფერს უზრუნველყოფს. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლება, იმისათვის რომ ჩვენ გავზარდოთ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები.
მნიშვნლოვანია ინოვაციებიც, რომელიც ასევე განათლებიდან მომდინარეობს. თუ იქნება მიდგომა, რომ იყოს მცირე მთავრობა და ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები იყოს დასაქმებული და უფრო მაღალი პროფესიონალებით, რომლებიც შეძლებენ უფრო მეტს, ამას მივესალმები. კერძო სექტორმა გაასწრო ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორს და ასეთ პირობებში საჯარო სფეროში კონკურენტული კადრის მოძიება ძნელია. ასე რომ იმედია, ეს მიმართულებაც იქნება გათვალისწინებული“ - განაცხადა ლალაზაშვილმა.
BDO-ს მმართველმა პარტნიორმა გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების კუთხით ის საუკეთესო იყო.
„კვირიკაშვილის მმართველობას მე შევაფასებდი ძალიან დადებითად, ვინაიდან ბიზნესი იყო თავისუფლი, არ ეშინოდა გადაწყვეტილების მიღება, ინვესტირება, რისკის აღება. ყველასთვის თანაბარი რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა, მაგრამ ზოგადი ფონი ბიზნესის კეთების კუთხით, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამისთვის მე მინდა ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადავუხადო. თუმცა ბუნებრივია იყო რეგულაციები, რომელსაც მე პირადად არ მივესალმებოდი, მაგალითად მიწის შეზღუდვებზე, ასევე ბოლო პერიოდის შეზღუდვებს სამომხმარებლო სესხებზე, ამ ორივე რეფორმის მიზანი იყო მოსახლეობაზე ზრუნვა, თუმცა ჩემი აზრით,მოსახლეობაზე ორივე ნეგატიურ გავლენას ახდენს.“ - განაცხადა „ანალიტიკას“ ეთერში ზურაბ ლალაზაშვილმა.